აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მხარს დაუჭერს სენატის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ტრამპის თქმით, რესპუბლიკელები ძალიან მკაცრ სანქციებს ამზადებენ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთთან საქმიან ურთიერთობებს აწარმოებენ.
კანონპროექტი ტრამპს საშუალებას მისცემს, 500%-მდე გაზარდოს ტარიფები იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომლებიც რუსულ ენერგოპროდუქტების შემსყიდველთა შორის არიან და აქტიურად არ უჭერენ მხარს უკრაინას. აღნიშნული შეეხებათ რუსული ენერგოპროდუქტების მსხვილ მომხმარებლებს, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთს და, ტრამპის განცხადებით, მათ რიგებში შესაძლოა ირანიც მოხვდეს.
დემოკრატები და კონგრესში რესპუბლიკელთა ნაწილი ბოლო პერიოდში აქტიურად ითხოვდა კანონპროექტს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთისთვის დასაწესებელ სანქციებს გაამკაცრებდა, პრეზიდენტი ტრამპი კი, პუტინთან მოლაპარაკებების ფარგლებში, დამატებითი სადამსჯელო ღონისძიებებისგან თავს იკავებდა.
თუმცა ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგაც, პუტინი უკრაინის ომის დასრულებისთვის მზადყოფნას არ ავლენს, რაც ტრამპს სანქციების გამკაცრებისკენ უბიძგებს. ტრამპის განცხადებით, მას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება თავიდან ყველაზე მარტივად მოსაგვარებელი კონფლიქტი ეგონა, მაგრამ ეს ახლო აღმოსავლეთზე რთული საკითხი აღმოჩნდა.












