თეთრი სახლის ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, შესაძლოა დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა მომდევნო კვირის დასაწყისში შედგეს. ეს კი ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის რუს კოლეგასთან პირველი შეხვედრა იქნება. ოფიციალურ პირს, რომლის ვინაობაც უცნობია, შეხვედრის ლოკაციის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მისი თქმით, აღნიშნულის განსაზღვრა ამჟამად მიმდინარეობს.
ტრამპისა და პუტინის პოტენციურ შეხვედრაზე ისაუბრა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმაც. ლევიტის ინფორმაციით, ტრამპთან შეხვედრის სურვილი რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა. მისი განმარტებით, დონალდ ტრამპი მზაობას გამოთქვამს, შეხვდეს როგორც ვლადიმირ პუტინს, ისე ვოლოდიმირ ზელენსკის.
ტრამპისა და პუტინის სავარაუდო შეხვედრის შესახებ ცნობა პირველად The New York Times-მა გაავრცელა. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი უკრაინელ და რუს კოლეგებთან ერთად სამმხრივ შეხვედრას უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა პუტინთან შეხვედრის შესახებ ევროპელ ლიდერებს უკვე აცნობა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში აღნიშნავდა, რომ უკრაინაში ომს თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღეს დაასრულებდა, ოფისში შესვლიდან დღემდე პუტინთან და ზელენსკისთან არაერთი სატელეფონო საუბარი გამართა. ბოლო პერიოდში კი დონალდ ტრამპმა რუსეთის უმოქმედობის გამო იმედგაცრუება გამოთქვა და რუსეთს დამატებითი სანქციების დაწესებით დაემუქრა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გასაფორმებლად ტრამპმა პუტინს ჯერ 50 დღე მისცა, მოგვიანებით კი ვადა მნიშვნელოვნად შეამცირა. ტრამპის ულტიმატუმის ვადა ხვალ, 8 აგვისტოს იწურება, რის შემდეგაც საზოგადოება ტრამპისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება.