დონალდ ტრამპის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტი აშშ-ის მიერ სირიისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას განიხილავს. აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ს სირიისთვის სანქციების მოხსნის შეთავაზებით მიმართა, რათა ქვეყანაში აღმშენებლობის დაწყებას ხელი არ შეეშალოს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში 14-წლიანი სამოქალაქო ომი ოპოზიციური ძალების გამარჯვებით დასრულდა. თუმცა ქვეყნის აღმშენებლობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას მნიშვნელოვნად აფერხებს სანქციების რეჟიმი, რომელიც ბაშარ ასადის მმართველობის გამო კონკრეტულ პირებს, კომპანიებსა და ინსტიტუტებს აქვს დაწესებული. დღევანდელი მდგომარეობით, ახლოაღმოსავლური ქვეყანა სრულად გათიშულია გლობალური ფინანსური სისტემიდან, რაც ეკონომიკური აღდგენის პროცესს ხელს უშლის.
„ჩვენ შესაძლოა მოვუხსნათ ისინი [სანქციები] სირიას, რათა მივცეთ ყველაფრის ახლიდან დაწყების შესაძლებლობა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე განმარტებით, სირიისთვის სანქციების შემსუბუქების საკითხთან დაკავშირებით მას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესაუბრა.
ცოტა ხნის წინ The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს უკრაინასთან გაფორმებული ბუნებრივი რესურსების შეთანხმების მსგავსი ხელშეკრულების დადება შესთავაზა. როგორც ცნობილია, შესაძლოა, აჰმად ალ-შარაა საუდის არაბეთში დონალდ ტრამპთან პირისპირ შესახვედრადაც გაემგზავროს.
დიდი ალბათობით, აშშ-ის მხრიდან სირიისთვის სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ინიციატივას ევროკავშირიც შეუერთდება. ეს კი აჰმად ალ-შარაას მთავრობას სირიის რეკონსტრუქციის შესაძლებლობას მისცემს. უკვე ცნობილია, რომ სირიის აღმშენებლობაში დიდ წვლილს შეიტანს თურქეთიც. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარამილიტარისტული, ტერორისტული ორგანიზაცია HTS-ის წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ თურქეთის პოლიტიკურ, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას მიუძღვის. შესაბამისად, დარგის ექსპერტების მოსაზრებით, სირია თურქეთის გავლენის სფერო გახდება.