აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ გამოცემა The New York Times-ს ცილისწამებისთვის უჩივის და რეპუტაციული ზიანისთვის, სულ მცირე, 15 მილიარდის კომპენსაციას ითხოვს. ტრამპის ადვოკატებმა სარჩელი ფლორიდის შტატის სასამართლოში შეიტანეს.
სარჩელში საუბარია The New York Times-ის სტატიების სერიაზე და Penguin-ის 2024 წლის წიგნზე, სახელწოდებით „იღბლიანი ლუზერი: როგორ გაფლანგა დონალდ ტრამპმა მამის ქონება და შექმნა წარმატების ილუზია“. სტატიებში, რომლებიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდეა გამოქვეყნებული, ტრამპი „თანამდებობისთვის უვარგისადაა“ მოხსენიებული.
სარჩელის თანახმად, როგორც სტატიები, ასევე წიგნი „ბოროტი განზრახვით“ გამოქვეყნდა და ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ აღნიშნული პუბლიკაციები „პრეზიდენტ ტრამპის შესახებ საძაგელი დამახინჯებებით და ტყუილებით სავსე იქნებოდა“. ადვოკატების მტკიცებით, რეპუტაციული ზიანის გარდა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიადგა ტრამპის ბრენდსა და მის სამომავლო ფინანსურ პერსპექტივებს.
The New York Times-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის ფაქტს სოციალური ქსელის, Truth Social-ის საშუალებით პირადად გამოეხმაურა ტრამპიც. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, TMTG-ის (Trump Media and Technology Group) აქციების ღირებულებისთვის მიყენებული ზიანი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა როგორ დააზარალეს ის ბრალდებულებმა ცილისწამებით.
„დღეს მაქვს პატივი, The New York Times-ის წინააღმდეგ ცილისწამებასთან დაკავშირებით $15-მილიარდიანი სარჩელი შევიტანო – ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დეგრადირებული გაზეთის წინააღმდეგ, რომელიც რადიკალურად მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ვირტუალურ „რუპორად“ იქცა“, – ვკითხულობთ ტრამპის განცხადებაში.