აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან Wall Street Journal-ისა და მისი მფლობელების, მათ შორის რუპერტ მერდოკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და $10 მილიარდს ითხოვს. ტრამპის საჩივარი ჟურნალის მიერ გავრცელებულ ცნობას ეხება, რომლის თანახმად დონალდ ტრამპის სახელი ჯეფრი ეპშტეინისათვის 2003 წელს გაგზავნილ დაბადების დღის მისალოც ბარათში ფიგურირებდა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მისალოცი ბარათი სექსუალური შინაარსის ნახატსა და მათი საიდუმლოების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავდა.
მაიამის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში მოპასუხეებად მერდოკი, Dow Jones-ი, News Corp-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი რობერტ ტომსონი, ასევე Wall Street Journal-ის ორი რეპორტიორი არიან დასახელებულნი. სარჩელის თანახმად, მოპასუხეებმა დონალდ ტრამპს ცილი დასწამეს და უზარმაზარი ფინანსური და რეპუტაციული ზიანი მიაყენეს.
სექსუალური ძალადობის მუხლით გასამართლებულმა ჯეფრი ეპშტეინმა სიცოცხლე 2019 წელს, ნიუ-იორკში საკუთარ საკანში თვითმკვლელობით დაასრულა. ჯეფრი ეპშტეინის სახელი არაერთ კონსპირაციულ თეორიას უკავშირდება, რის გამოც მასთან ასოციირება ცნობილ პირებს არ სურთ.
დონალდ ტრამპმა Wall Street Journal-ის გავრცელებული ინფორმაცია მაშინვე უარყო და რუპერტ მერდოკს სარჩელით დაემუქრა. თავად ჟურნალის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი საკუთარ ცნობებში სრულად დარწმუნებულები არიან და მათ პოზიციას ნებისმიერ სარჩელში დაიცავენ.
სარჩელის წარმატებისთვის, დონალდ ტრამპმა უნდა დაამტკიცოს, რომ ჟურნალმა იცოდა, ცნობა ყალბი იყო და განზრახ გამოაქვეყნა.