ტრამპის ადმინისტრაცია Intel-ში წილის შესყიდვას განიხილავს

ტრამპის ადმინისტრაცია Intel-ში წილის შესყიდვას განიხილავს

ხუთშაბათს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Intel-ის აქციების ღირებულება 7.4%-ით, მარტის თვის შემდეგ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. Intel-ის აქციებზე ფასის ზრდა Bloomberg-ის სტატიას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ტრამპის ადმინისტრაცია კომპანიაში წილის შეძენას განიხილავს.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელ ლი-ბუ ტანთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. თუმცა შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გაავრცელა და ლი-ბუ ტანს დაკავებული პოზიციიდან გადადგომისკენ მოუწოდა. ამის მიუხედავად, ტრამპმა კვირის დასაწყისში Intel-ის CEO-სთან გამართულ შეხვედრას „ძალიან საინტერესო“ უწოდა და ტანის მიერ მიღწეული წარმატებებიც შეაქო. ცნობისთვის, ამერიკელი სპეციალისტი Intel-ის აღმასრულებლის პოსტს მიმდინარე წლის მარტიდან იკავებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან Intel-ში წილის შესყიდვის მიზანი ქვეყანაში კომპანიის წარმოების გაზრდაა. ამ ეტაპზე, პოტენციური გარიგების პირობები, მათ შორის შესასყიდი წილის ზომა უცნობია. არსებული გეგმით, Intel-ი 2030 წლისთვის ოჰაიოში ორი ობიექტის აშენებას გეგმავს, რომელთა ღირებულება $28 მილიარდია.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან Intel-ის აქციების ღირებულება 19%-ითაა გაზრდილი. აქციების ფასმა წლის ყველაზე დაბალი ნიშნული ($18.13) აპრილში დააფიქსირა, დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც Reuters-ის თანახმად ტანს ჩინეთთან საქმიანი კავშირები ჰქონდა.

ღირებულება მომდევნო თვეების განმავლობაში გაიზარდა, სანამ ივლისის ბოლოს კვლავ არ დაეცა. თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში Intel-ის აქციების ფასმა ივლისის დანაკარგები სრულად აანაზღაურა და მათი ღირებულება $23.86-მდე გაიზარდა.