დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კატარის სამეფო ოჯახისგან საჩუქრად მდიდრულ თვითმფრინავს, Boeing 747-8-ს მიიღებს. როგორც ირკვევა, ის გამოყენებული იქნება როგორც Air Force One, შემდეგ კი ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას გადაეცემა.
ABC News-ის ცნობით, კატარის სამეფო ოჯახის საჩუქრის შესახებ ოფიციალურად მომავალ კვირას გამოცხადდება, როდესაც დონალდ ტრამპი მეორე ვადის პირველი საერთაშორისო მოგზაურობის ფარგლებში სწორედ აღნიშნულ სახელმწიფოს ეწვევა.
კატარის ოფიციალური პირის მიერ CNN-ისთვის გაკეთებული კომენტარის თანახმად, თვითმფრინავი სპეციალურად კატარის თავდაცვის სამინისტროდან პენტაგონს გადაეცემა. ეს უკანასკნელი კი მას Air Force One-ის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.
Air Force One-ის სახელით, ოფიციალურად, ნებისმიერი სამხედრო თვითმფრინავი მოიხსენიება, რომელსაც მოქმედი პრეზიდენტი გადაჰყავს. პრაქტიკაში კი, მას ორი სპეციალურად მოდიფიცირებული Boeing 747-200B ტიპის თვითმფრინავი წარმოადგენს. გარდა სტანდარტული შესაძლებლობებისა, ეს თვითმფრინავები აღჭურვილია მაღალი დონის საკომუნიკაციო სისტემებით, აქვს პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი და საძინებელი, საკონფერენციო დარბაზი, მედიის, პერსონალისა და სტუმრებისთვის განკუთვნილი ზონები. ასევე შეუძლია საწვავის ფრენის დროს შევსება.
რამდენიმე გამოცემის, მათ შორის Business Insider-ის ცნობით, Boeing 747-8-ის ღირებულება დაახლოებით 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.