ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ში შესვლა შესაძლოა კიდევ 36 ქვეყანას აუკრძალოს

ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ში შესვლა შესაძლოა კიდევ 36 ქვეყანას აუკრძალოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოგზაურობის შეზღუდვების მნიშვნელოვნად გაფართოებას განიხილავს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ 36 ქვეყნის მოქალაქეების შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით გაავრცელა.

შეგახსენებთ, ამ თვის დასაწყისში რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აშშ-ში 12 ქვეყნის მოქალაქეების შესვლას კრძალავს. მაშინ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების „უცხოელი ტერორისტებისა“ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა საფრთხეებისგან დასაცავად იყო გადადგმული.

დირექტივა იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ნაწილია, რომელიც ტრამპმა წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოქმედების შემდეგ დაიწყო. ეს მოიცავდა ასობით ვენესუელელის დეპორტაციას ელ-სალვადორში, რომლებიც ბანდების წევრობაში იყვნენ ეჭვმიტანილები. გარდა ამისა, უცხოელი სტუდენტის ნაწილს აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხვაზე უარი ეთქვა და ვინც უკვე სწავლობდა ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში, მათი დეპორტაცია განხორციელდა.

„დეპარტამენტმა გამოავლინა შეშფოთების შემცველი 36 ქვეყანა, რომელთათვისაც შესაძლოა შესვლის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების შესახებ რეკომენდაცია გაიცეს, თუ ისინი 60 დღის განმავლობაში არ დააკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ხელმოწერილ შიდა დიპლომატიურ დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოთქმულ შეშფოთებებს შორის იყო ზოგიერთი ქვეყნის მიერ სანდო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოებისთვის კომპეტენტური მთავრობის არარსებობა. კიდევ ერთი საკითხი იყო ამ ქვეყნის პასპორტის „საეჭვო უსაფრთხოება“. აქვე ნათქვამია, რომ ზოგიერთი ქვეყანა არ თანამშრომლობდა შეერთებული შტატებიდან იმ მოქალაქეების გაძევების ხელშეწყობაში, რომელთა დეპორტაციის ბრძანებაც გაცემული იყო.

შეშფოთების სხვა მიზეზები იყო ის, რომ რიგი ქვეყნების მოქალაქეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორისტულ აქტებში ან ანტისემიტურ და ანტიამერიკულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ.

„ჩვენ მუდმივად ვაფასებთ პოლიტიკას, რათა უზრუნველვყოთ ამერიკელების უსაფრთხოება და, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ჩვენი კანონები დაიცვან “, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელმაც შიდა განხილვებისა და კომუნიკაციების კომენტირებისგან თავი შეიკავა.