ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივნის, კრისტი ნოემის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის გაგზავნილი ოფიციალური წერილის თანახმად, სასწავლებლის გაცვლითი პროგრამის სერტიფიკატი ანულირებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ჰარვარდს“ საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდა.
გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების სერტიფიკატის ანულირება ძალაში დაუყოვნებლივ შედის. შესაბამისად, „ჰარვარდი“ უცხოელი სტუდენტების მიღებას წყვეტს, არსებულმა უცხოელმა სტუდენტებმა კი ან მობილობით უნდა ისარგებლონ, ან მათი სტუდენტური სტატუსი შეწყდება.
შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტი მსგავსი ზომების მიღების შესახებ გასულ თვეს გააფრთხილა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უარს ამბობს დაემორჩილოს მთავრობის მოთხოვნას კამპუსში უცხოელი სტუდენტების მიერ შეუსაბამო ქცევისა და კრიმინალის შესახებ ინფორმაციის გადაცემაზე.
„„ჰარვარდს“ ჰქონდა ბევრი შესაძლებლობა, მოქცეულიყო სწორად. მათ უარი თქვეს. ეს იქნება გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური ინსტიტუტისთვის“, – აცხადებს კრისტი ნოემი პრესრელიზში.
საინტერესოა, რომ გასულ თვეს ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰარვარდს“ $2.2 მილიარდის მოცულობის დაფინანსებაც გაუყინა. ფედერალური დახმარების გაყინვა უნივერსიტეტის მხრიდან თეთრი სახლის მიერ გაგზავნილი მოთხოვნების შესრულებაზე უარს მოჰყვა. გასულ კვირას საგანმანათლებლო დაწესებულებას მოთხოვნების სია წარედგინა, რომელიც სასწავლებლის მმართველობაში ცვლილებებსა და ზედამხედველობის გაძლიერებას ითვალისწინებდა. მთავრობის მოთხოვნებს უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ალან გარბერის პასუხი მოჰყვა, რომ ის არ დათმობს თავის დამოუკიდებლობას და კონსტიტუციურ უფლებებს.
მანამდე ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, „ჰარვარდისთვის“ განკუთვნილი $9 მილიარდის ფედერალური გრანტებისა და კონტრაქტების გადამოწმება დაიწყო. მთავრობის ქმედებები აშშ-ის კამპუსებში ანტისემიტიზმთან ბრძოლის ძალისხმევის ნაწილად შეფასდა. „ჰარვარდი“, სტუდენტების პროპალესტინური პროტესტების გამო, თეთრი სახლის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. დაფინანსების გაყინვამდე, „ჰარვარდმა“ ანტისემიტიზმთან საბრძოლველად ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.