ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ჩინეთში Nvidia-ს H200 ჩიპების ექსპორტს დაუშვებს

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ჩინეთში Nvidia-ს H200 ჩიპების ექსპორტს დაუშვებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს Nvidia-ს მეორე ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიის H200-ტიპის ჩიპების ექსპორტის უფლება მისცა. ტრამპის განმარტებით, საქონელზე 25%-იანი ტარიფი იმოქმედებს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ ერთი შეხედვით მიმდინარე დებატი Nvidia-ს მიერ გლობალური ლიდერობის ჩინეთში გაყიდვებით შენარჩუნების შესახებ, დაასრულა. თუმცა პარალელურად, ჩინეთის მთავრობა ადგილობრივ კომპანიებს მოუწოდებს, რომ ამერიკული ტექნოლოგიები და განსაკუთრებით ჩიპები საკუთარ მოწყობილობებში არ გამოიყენონ. შესაბამისად, გაურკვევლობა იმის შესახებ, გაზრდის თუ არა ტრამპის გადაწყვეტილება ამერიკული კომპანიების გაყიდვებს, კვლავ რჩება.

ტრამპის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ, Nvidia-ს აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 2%-ით გაიზარდა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, გადაწყვეტილების შესახებ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც აცნობა და მისგან „პოზიტიური პასუხი“ მიიღო.

ტრამპის განმარტებით, ამჟამად გადაწყვეტილების ტექნიკურ დეტალებს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი აზუსტებს, რის შემდეგაც მიდგომა ნახევარგამტარების სხვა კომპანიებზე, მათ შორის Advanced Micro Devices (AMD)-სა და Intel-ზეც გავრცელდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ ექსპორტი იმ პირობებში განხორციელდება, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას უზრუნველყოფს. თუმცა ტრამპს არ დაუზუსტებია, თუ რა რაოდენობის H200-ტიპის ჩიპების ექსპორტის ავტორიზაცია გაიცა.

ტრამპის ადმინისტრაციის წევრები და სხვა ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იდეალური კომპრომისია ჩინეთისთვის ჩიპების გადაცემის საერთოდ აკრძალვასა და ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიის ჩიპის, Blackwell-ის გადაცემას შორის.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.