ტრამპის განკარგულებით აშშ-ში სუვერენული სიმდიდრის ფონდი შეიქმნება

ტრამპის განკარგულებით აშშ-ში სუვერენული სიმდიდრის ფონდი შეიქმნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნის შესახებ. ფონდის შექმნის პასუხისმგებლობა აშშ-ის სახაზინო და კომერციის დეპარტამენტებს დაეკისრათ. სუვერენული სიმდიდრის ფონდი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს, რომელსაც აქციებში, უძრავ ქონებაში, ობლიგაციებში თუ ჰეჯ-ფონდებში ინვესტირება შეუძლია.

დეტალები, თუ საიდან მოახდენს აშშ-ის მთავრობა ფონდისთვის საჭირო ფინანსების მობილიზებას, ჯერჯერობით უცნობია. ზოგადად, მსგავსი ფონდების ფინანსურ წყაროს დადებითი სავაჭრო ბალანსი ან ბიუჯეტის დადებითი სალდო წარმოადგენს. თუმცა საინტერესოა, რომ აშშ-ს მსგავსი დადებითი ბალანსი ორ ათწლეულზე მეტია, არ ჰქონია.

სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნას კონგრესის თანხმობა დასჭირდება და, აშშ-ის ახალი სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ის მომდევნო 12 თვეში შეიქმნება.

ცნობისთვის, სუვერენული სიმდიდრის ფონდები ნაკლებად გვხვდება დასავლურ სახელმწიფოებში. მსგავსი ტიპის საინვესტიციო ფონდები ისეთ ქვეყნებს აქვთ, როგორიცაა: საუდის არაბეთი, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, კატარი, სინგაპური, ავსტრალია, რუსეთი და ნორვეგია. სუვერენული სიმდიდრის ფონდების საერთაშორისო ფორუმის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში 90-მდე სუვერენული ფონდი არსებობს, რომლებიც $8 ტრილიონის ღირებულების აქტივებს ფლობს.

დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებაზე ხელმოწერისას მიანიშნა, რომ სუვერენული სიმდიდრის ფონდი შესაძლოა შტატებმა TikTok-ის შესაძენად გამოიყენოს.