ტრამპის გუნდის წევრმა ინდოეთი რუსეთის უკრაინაში ომის დაფინანსებაში დაადანაშაულა

ტრამპის გუნდის წევრმა ინდოეთი რუსეთის უკრაინაში ომის დაფინანსებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გუნდის წევრმა ინდოეთი რუსეთის უკრაინაში ომის ეფექტიანად დაფინანსებაში დაადანაშაულა. აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსული ნავთობის შესყიდვის შესაწყვეტად ნიუ-დელიზე წნეხი გაზარდა.

„რაც მან [ტრამპმა] თქვა, ნიშნავს იმას, რომ მიუღებელია, ინდოეთმა გააგრძელოს უკრაინაში ომის დაფინანსება რუსული ნავთობის შესყიდვით“, – განაცხადა სტივენ მილერმა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა თანაშემწემ.

აშშ-ში ინდოეთის საელჩოს აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. Reuters-ისათვის ინდოეთის მთავრობიდან მიწოდებული ანონიმური წყაროს მიხედვით, აშშ-ის მუქარის მიუხედავად, ნიუ-დელი მოსკოვისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების მიერ ინდოეთისათვის დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევიდა. ინდოეთისათვის ამ ზომის ტარიფის დაწესების მიზეზად ამერიკული მხარე ინდოეთის მიერ რუსეთისგან შეიარაღებისა და ენერგოპროდუქტების შესყიდვას ასახელებს. დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაჟღერებული მუქარის თანახმად, შეერთებული შტატები 100%-იან ტარიფებს დაუწესებს ყველა სახელმწიფოს, რომელიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებს.

ინდოეთი რუსული ნედლი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. რუსულ ნავთობზე უარის თქმით, ნიუ-დელის ალტერნატივის ძიება ყურის ქვეყნებში მოუწევს, რაც ინდოეთს რუსულ ნავთობზე ძვირი დაუჯდება. გარდა ამისა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა.

საინტერესოა ისიც, რომ გასულ კვირას Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინდურმა სახელმწიფო კომპანია Indian Oil-მა, სულ მცირე, 5 მილიონი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობი და 2 მილიონი ბარელი არაბთა გაერთიანებული საამიროების ნედლი ნავთობი შეიძინა, რაც კომპანიისაგან უჩვეულოა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, შესაძლოა ინდოეთის მთავრობა რუსული ნავთობის ალტერნატივას საცდელ რეჟიმში ეძებდეს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.