ტრამპის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადებას საფონდო ბირჟებზე რყევები მოჰყვა

ტრამპის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადებას საფონდო ბირჟებზე რყევები მოჰყვა

ფოტო: Getty Images

 

ორშაბათს, შუადღის მონაცემებით, Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსი თითქმის 730 პუნქტით, ანუ დაახლოებით 1.4%-ით დაეცა, ხოლო S&P 500 და ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ი, შესაბამისად, 1%-ითა და 1.1%-ით. საფონდო ბირჟებზე რყევები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადებას მოჰყვა.

Nasdaq-ის საფონდო ინდექსის ვარდნა, ძირითადად, პროგრამული უზრუნველყოფის ქლაუდ-ოპერატორის, Datadog-ის აქციების ღირებულების 10%-იანი კლების გავლენით მოხდა. პარალელურად, 23 თებერვლის შუადღის მონაცემებით, ტრამპის განცხადების შემდეგ, დაახლოებით 9.8%-ით დაეცა CrowdStrike-ის აქციების ღირებულება. AppLovin-ის, Intuit-ისა და Adobe-ის შემთხვევაში კი, შესაბამისად, 9.1%-იანი, 7.6%-იანი და 4.9%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

Tesla-სა და Microsoft-ის აქციების ღირებულება, რომლებიც Nasdaq-ის დაახლოებით 13%-ს შეადგენენ, შესაბამისად, 3.7%-ითა და 2.5%-ით დაეცა. თუმცა იმავე პერიოდში გაიზარდა „შესანიშნავი შვიდეულის“ სხვა წევრების: Nvidia-ს (ზრდა 1%-ით) და Apple-ის (1.7%-ით) აქციების ფასი, რომლებიც საფონდო ინდექსის 25.7%-ს შეადგენენ.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ე.წ. „გათავისუფლების დღის“ ტარიფები უკანონოდ ცნო. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა დამატებითი 15%-იანი გლობალური ტარიფი დააწესა, რაც 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლით დაშვებული მაქსიმალური დონეა. ტრამპის გადაწყვეტილება დროებითია, რადგან ეს კანონი პრეზიდენტს 15%-მდე ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას 150 დღით ანიჭებს, რის შემდეგაც საკითხი კონგრესმა უნდა განიხილოს.