მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ NATO-სთან ერთად გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ჩამოაყალიბა, ძირითადმა საფონდო ინდექსებმა ზრდა დაიწყო. ინდექსების ზრდაზე დადებითად აისახა ისიც, რომ ტრამპმა ევროპისთვის დაგეგმილი ახალი ტარიფები გააუქმა. ამ გადაწყვეტილებამ ინვესტორთა განწყობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
Nasdaq-ის ინდექსი ვაჭრობის პიკურ მონაკვეთში 1.8%-ით გაიზარდა, ხოლო Dow Jones Industrial Average-მა 677-პუნქტიანი, ანუ 1.4%-იანი ზრდა დააფიქსირა. შემდგომში ინდექსები თავდაპირველი ნახტომის შემდეგ დასტაბილურდა, თუმცა ვაჭრობა მაინც მატებით დაასრულა: Dow-მა დახურვისას 589 პუნქტით (1.2%) მოიმატა, ხოლო S&P 500-ისა და Nasdaq-ის ინდექსები ასევე დაახლოებით 1.2%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, სულ რაღაც ერთი დღის წინ, გრენლანდიის ირგვლივ გაურკვევლობამ და სავაჭრო კონფლიქტის შესაძლო ესკალაციამ ინვესტორები დააფრთხო, რამაც S&P 500-ს დაახლოებით $750 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია დააკარგვინა.
აქვე აღსანიშნავია, რომ 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა ოდნავ, დაახლოებით 4.257%-მდე შემცირდა.









