ტრამპის მუქარის გამო, ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

ტრამპის მუქარის გამო, ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირი აშშ-სთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების სამართლებრივ იმპლემენტაციაზე მუშაობას დროებით შეაჩერებს. გადაწყვეტილება გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს უკავშირდება, რომლებიც ევროკავშირში „ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხედ“ შეფასდა.

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნდ ლანგემ, გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ X-ზე დაადასტურა და აღნიშნა, რომ მათი „სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, რის გამოც „ჩვეულ რეჟიმში მუშაობა შეუძლებელია“.

ლანგეს განცხადებით, ევროკავშირი შეთანხმებაზე მუშაობას არ განაახლებს მანამ, სანამ შეერთებული შტატები „კონფრონტაციის ნაცვლად თანამშრომლობის გზას არ დაუბრუნდება“.

რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ რიგი ევროპული ქვეყნები გრენლანდიაზე კონტროლის საკითხზე მოლაპარაკებებს არ დაიწყებდნენ, მათ წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს დააწესებდა. მუქარა შეეხო რვა ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის ექვს წევრს: დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებსა და ფინეთს, ასევე ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს – ნორვეგიასა და გაერთიანებულ სამეფოს.

ტრამპის თქმით, აღნიშნული ქვეყნები 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში გაგზავნილ „ყველა სახის საქონელზე“ 10%-იან ტარიფს დაექვემდებარებოდნენ, რომელიც ივნისისთვის შესაძლოა 25%-მდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მხარეებმა ტარიფები შეამცირეს. შეთანხმება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, 2025 წლის ივლისში შოტლანდიაში, ტრამპის გოლფ-კლუბში დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირმა აშშ-ის ბაზარზე უმეტეს საქონელზე 15%-იანი ტარიფი მიიღო, ხოლო სტრატეგიულ პროდუქტებზე, მათ შორის ავიაციის კომპონენტებსა და ნახევარგამტარ მოწყობილობებზე, „ნულოვანი ტარიფები“.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირის კანონმდებლები შეთანხმების შეჩერების განხილვას ტრამპის ტარიფების მუქარის შემდეგ მალევე შეუდგნენ. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა ახალი ტარიფები „შეცდომად“ შეაფასა და აღნიშნა: „პოლიტიკაში, ისევე როგორც ბიზნესში, შეთანხმება შეთანხმებაა. როდესაც მეგობრები ერთმანეთს ხელს ართმევენ, ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს“.

ევროპარლამენტში ოთხშაბათს გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „გზაჯვარედინზე დგას“ და საჭიროების შემთხვევაში „ერთიანობით, სისწრაფითა და მტკიცე გადაწყვეტილებით მოქმედებისთვის მზად არის“.

ევროკავშირის გადაწყვეტილება სწორედ იმ დროს გამოცხადდა, როდესაც დონალდ ტრამპი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრებოდა. გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო გრენლანდიის საკითხს და აღნიშნა, რომ არქტიკული კუნძული, მისი შეფასებით, „მსოფლიო უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის სტრატეგიულ როლს ასრულებს“.

ტრამპმა კვლავ მოითხოვა გრენლანდიასთან „დაუყოვნებელი მოლაპარაკებები“, თუმცა დანიისა და გრენლანდიის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ ამაზე უარი განაცხადეს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს. „მე ძალის გამოყენება არ მჭირდება. არ მინდა ძალის გამოყენება და არ გამოვიყენებ,“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.