დღეს ოქროს ფასმა უნციაზე 4,700 დოლარს პირველად გადააჭარბა. რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია ვერცხლის ღირებულებამაც. ძვირფას ლითონებზე ფასების ზრდის მიზეზი ევროპელი მოკავშირეებისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარაა, რამაც გლობალური განწყობა გააუარესა და უსაფრთხო თავშესაფრის სტატუსის მქონე აქტივებზე მოთხოვნა გაზარდა.
სამშაბათს ოქროს ღირებულებამ 1%-ით მოიმატა და უნციაზე ყველა დროის მაქსიმუმი, 4,721.91 დოლარი დააფიქსირა. სავაჭრო სესიის დასაწყისში რეკორდულ მაქსიმუმს, 94.72 დოლარს მიაღწია ვერცხლის ფასმა. თუმცა მოგვიანებით მისი ღირებულება 0.5%-ით დაეცა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ ოქროს ფასი 70%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო ვერცხლის ღირებულებამ 200%-ზე მეტით მოიმატა.
ბოლო პერიოდში უსაფრთხო თავშესაფრის სტატუსის მქონე აქტივებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაშინ გაიზარდა, რაც ტრამპმა გრენლანდიის დაუფლების სურვილი კიდევ ერთხელ გააჟღერა. ის რვა ევროპულ სახელმწიფოს, რომლებმაც გასულ კვირაში გრენლანდიაზე სამხედრო პერსონალი გაგზავნეს, 10%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ცნობისთვის, გრენლანდია დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიაა, რომლის ხელში ჩაგდებასაც ტრამპი მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ აქტიურად ცდილობს.
KCM Trade-ის მთავარი ანალიტიკოსის, ტიმ უოტერერის განცხადებით, დონალდ ტრამპის „დესტრუქციული“ პოლიტიკური მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებში და დაბალი საპროცენტო განაკვეთებისკენ მოწოდება ძვირფას ლითონებზე, ოქროსა და ვერცხლზე, მოთხოვნის ზრდასა და, შესაბამისად, მათ გაძვირებაზე პირდაპირ აისახება.
რაც შეეხება სხვა ძვირფას ლითონებს, პლატინის ფასი 0.6%-ით გაიზარდა და უნციაზე 2,387.55 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო პალადიუმის ფასი 0.2%-ით გაიზარდა და 1,845.75 აშშ დოლარს მიაღწია.









