ტრამპის პაუელზე შეტევის შემდეგ, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე დაღმასვლა გაგრძელდა

ტრამპის პაუელზე შეტევის შემდეგ, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე დაღმასვლა გაგრძელდა

ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ფედერალური რეზერვის (Fed) თავმჯდომარის ჯერომ პაუელის მისამართით გაჟღერებული კრიტიკის შემდეგ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე კომპანიათა აქციების ფასებმა კლება გააგრძელა. ტრამპმა კითხვები აშშ-ის ცენტრალური ბანკის ავტონომიის ხარისხზე დასვა.

ჯერომ პაუელის მისამართით კრიტიკული განცხადებები დონალდ ტრამპს წარსულშიც გაუკეთებია. ამჯერად მან საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ შესაძლოა ეკონომიკის განვითარება შეფერხდეს, თუკი ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს არ შეამცირებს. აღნიშნული განცხადებით, დონალდ ტრამპმა ჯერომ პაუელის გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ტრამპის მიერ ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელობაზე მსგავსმა „თავდასხმამ“ ფინანსურ საზოგადოებაში გააჩინა შიშები იმის შესახებ, რომ ცენტრალური ბანკი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვეღარ მიიღებს. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ პაუელი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს ან მას გაათავისუფლებენ.

დონალდ ტრამპის განცხადების გავრცელების შემდეგ, S&P 500 ინდექსის ფასი 2.36%-ით, Dow Jones ინდუსტრიული ინდექსის ფასი კი 2.48%-ით შემცირდა. საფონდო ბირჟაზე გუშინდელ სავაჭრო სესიაზე კლება თითქმის ყველა მსხვილმა ამერიკული კომპანიის აქციის ფასმა განიცადა.

ფედერალური რეზერვის საბჭოს მომდევნო შეხვედრა 6-7 მაისსა ჩანიშნული. ფინანსური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჯერომ პაუელი რეფინანსირების განაკვეთს არსებულ 4.25%-4.50%-იან ნიშნულზე უცვლელად დატოვებს. დონალდ ტრამპი კი ფედერალურ რეზერვს საპროცენტო განაკვეთის დაუყოვნებლივ შემცირებისაკენ მოუწოდებს, რათა ეკონომიკის დაღმასვლა თავიდან აირიდონ. თავად ჯერომ პაუელი აღნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი მანამდე არ უნდა შემცირდეს, სანამ ტარიფების დაწესებით მიღებული შედეგები ინფლაციასთან მიმართებით აშკარა და მკაფიო არ გახდება.