აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2025 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდე დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების მუნიციპალური და კორპორატიული ობლიგაციები შეიძინა. Reuters-ის ინფორმაციით, მათ შორის Netflix-ის და Warner Bros Discovery-ის 2 მილიონ დოლარამდე ღირებულების ობლიგაციები.
მედიასააგენტოს ცნობით, კვირის ბოლოს გამოქვეყნებული ფინანსური ინფორმაციის მიხედვით, ტრამპის მიერ განხორციელებული შესყიდვების უმეტესობა ქალაქების, სკოლების, კომუნალური კომპანიებისა და საავადმყოფოების მუნიციპალური ობლიგაციები იყო. თუმცა, Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეიძინა ობლიგაციები ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა Boeing-ი, Occidental Petroleum-ი და General Motors-ი.
ეს ინვესტიციები ტრამპის მზარდ პორტფელს დაემატა, რომლის ზრდაც განსაკუთრებით შესამჩნევი მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გახდა. ამერიკული მედიასააგენტოს განცხადებით, ტრამპის პორტფელი მოიცავს აქტივებს სექტორებში, რომლებიც მისი პოლიტიკით სარგებლობენ, რაც ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კითხვებს ბადებს.
დონალდ ტრამპმა დეკემბერში განაცხადა, რომ მას ექნება უფლება გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა Netflix-ი Warner Bros Discovery-ის 83 მილიარდი დოლარის ღირებულების შესყიდვის განხორციელებას, რომელსაც Paramount Skydance-ისგან კონკურენტული შეთავაზება ელის. აღსანიშნავია, რომ Warner Bros-ის შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარიგებას მარეგულირებელი ორგანოების მხირდან დამტკიცება დასჭირდება.
Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, მედიასააგენტოსთან განაცხადა, რომ ტრამპის აქციებისა და ობლიგაციების პორტფელს მესამე მხარის ფინანსური ინსტიტუტები დამოუკიდებლად მართავენ და არც ტრამპს, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს არ აქვს უფლებამოსილება, მიმართოს, გავლენა მოახდინოს ან ინფორმაცია მიაწოდოს პორტფელში ინვესტირების შესახებ.
მედიასააგენტოს ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა 2025 წლის აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე ობლიგაციებზე მინიმუმ 82 მილიონი დოლარი დახარჯა.








