გუშინ Amazon-მა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის „ტარიფებმა და სავაჭრო პოლიტიკამ“ შესაძლოა კომპანია მნიშვნელოვნად დააზარალოს. Amazon-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელსაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ეკონომიკური ნაბიჯების გავლენა აშინებს. ეს გაურკვევლობა სხვადასხვა ინდუსტრიის ფირმებს გეგმების გადახედვისა და წლიური პროგნოზების გაუქმებისკენ უბიძგებს.
ამერიკულმა Forbes-მა იმ კომპანიების განცხადებებს მოუყარა თავი, რომლებმაც დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის გამო წლიური ფინანსური პროგნოზები გააუქმეს ან შეამცირეს:
1 მაისი – Amazon-მა პირველი კვარტალის ანგარიშში განაცხადა, რომ მომავალი შედეგები „თავისთავად არაპროგნოზირებადია“ ისეთი ფაქტორების გამო, როგორებიცაა „გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პირობების ცვლილებები“ და „სატარიფო და სავაჭრო პოლიტიკა“ — რაც წინა კვარტლის ანგარიშში მითითებული არ ყოფილა.
1 მაისი – General Motors-მა, რომელმაც ადრეც განაცხადა, რომ 2025 წლის ფინანსურ პროგნოზს ტარიფების პოტენციური გავლენის გათვალისწინებით გადახედავდა, შემოსავლის მოლოდინი $10-$12.5 მილიარდამდე ($13.7-15.7 მლრდ-დან) შეამცირა, ხოლო გენერალურმა დირექტორმა მერი ბარამ განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს, „ახალი სავაჭრო პოლიტიკის გარემოს“ მოერგოს.
1 მაისი – McDonald’s-მა განაცხადა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მასშტაბით ერთი და იმავე ობიექტების გაყიდვები 3.6%-ით შემცირდა — რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 2020 წლის 8.7%-იანი კლების შემდეგ. კომპანიის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ მომხმარებლები ეკონომიკურ „გაურკვევლობას ებრძვიან“.
30 აპრილი – Stellantis-მა 2025 წლის ფინანსური პროგნოზი გააუქმა, რისი მიზეზიც „ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა“ გახდა. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ აქტიურად მუშაობს ტარიფების პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებთან და „მიიღო ზომები ზემოქმედების შესამცირებლად“.
30 აპრილი – Mercedes-მა გააუქმა მიმდინარე წლის პროგნოზი. მისი განცხადებით, „ტარიფების პოლიტიკის მერყეობა“ იმდენად მაღალია, რომ კომპანიის ბიზნესის განვითარება „საჭირო სიზუსტით“ ვერ ფასდება.
29 აპრილი – UPS-მა გააუქმა წლიური პროგნოზი მას შემდეგ, რაც წარსულში 2025 წლისთვის $89-მილიარდიანი შემოსავალი ჰქონდა ნავარაუდევი. კომპანია ამავდროულად აცხადებს, რომ წლის ბოლომდე 20,000 თანამშრომელს გაათავისუფლებს „მიმდინარე მაკროეკონომიკური გაურკვევლობის“ ფონზე.
29 აპრილი – Kraft Heinz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აბრამს-რივერამ განაცხადა, რომ კომპანიამ წლის პროგნოზი შეამცირა, რადგან „ოპერაციული გარემო კვლავ არასტაბილურია“ და ისინი დააკვირდებიან „მაკროეკონომიკური ზეწოლის, როგორიცაა ტარიფები და ინფლაცია, პოტენციურ ზემოქმედებას“.
29 აპრილი – JetBlue-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოანა ჯერატიმ განაცხადა, რომ კომპანიამ „მაკროეკონომიკური გაურკვევლობის“ გამო 2025 წლის პროგნოზი შეცვალა. ამასთან, JetBlue-ს პრეზიდენტმა მარტი სენტ-ჯორჯმა თქვა, რომ ავიაკომპანია „მოთხოვნის შემცირების“ გაგრძელებას ელის.
29 აპრილი – Snap-მა მეორე კვარტლის პროგნოზის გამოქვეყნებაზე უარი თქვა, რადგან Snapchat-ის უკან მდგომმა კომპანიამ განაცხადა, რომ „გაურკვევლობამ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მაკროეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო თვეებში“ შესაძლოა რეკლამაზე მოთხოვნაზე მოახდინოს გავლენა.
29 აპრილი – Volvo-მ განაცხადა, რომ 2025 წელი „გამოწვევებით სავსე და გარდამავალი წელი“ იქნება „მაკროეკონომიკური, გეოპოლიტიკური და საბაზრო მოვლენების“, მათ შორის მოგებაზე ტარიფების ზემოქმედების გამო. კომპანიამ 2025 და 2026 წლებისთვის პროგნოზები გააუქმა.
24 აპრილი – PepsiCo-მ 2025 წლის შემოსავლის პროგნოზი შეამცირა, რადგან კომპანია „მეტი არასტაბილურობისა და გაურკვევლობის“ მოლოდინშია. გენერალურმა დირექტორმა რამონ ლაგუარტამ აღნიშნა, რომ ტარიფების, „მაღალი მაკროეკონომიკური არასტაბილურობისა და მომხმარებელთა დაბალი აქტივობის“ გამო მიწოდების ჯაჭვის ხარჯები იზრდება.
24 აპრილი – Procter & Gamble-მა, რომელიც Tide-სა და Charmin-ს ფლობს, წლის გაყიდვების ზრდის მოლოდინი შეამცირა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე 2025 წელს 4%-იან ზრდას ელოდა. გენერალურმა დირექტორმა ჯონ მოელერმა ამის მიზეზად „რთული და არასტაბილური სამომხმარებლო და გეოპოლიტიკური გარემო“ დაასახელა.
24 აპრილი – American Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა რობერტ ისომმა ინვესტორებს განუცხადა, რომ ავიაკომპანია „ძალიან ფრთხილ, ნეგატიურ მიდგომასაც კი ირჩევს ზრდის მიმართ“ მას შემდეგ, რაც წლიური პროგნოზი გააუქმა. ფინანსურმა დირექტორმა დევონ მეიმ კი აღნიშნა, რომ ტრამპის ტარიფებით გამწვავებულმა ეკონომიკურმა გაურკვევლობამ მოთხოვნის კლება გამოიწვია.
24 აპრილი – Skechers-მა წლიური პროგნოზი გააუქმა და მიზეზად „გლობალური სავაჭრო პოლიტიკით განპირობებული მაკროეკონომიკური გაურკვევლობა დაასახელა“. ფინანსურმა დირექტორმა ჯონ ვანდემორმა არსებული ეკონომიკური გარემო პანდემიის პერიოდისას შეადარა.
23 აპრილი – Thermo Fisher Scientific-მა წლიური მოგების პროგნოზი გააუქმა. კომპანია $400 მილიონის ზარალს ელის, რადგან ტრამპის ტარიფები, სავარაუდოდ, ჩინეთიდან მიწოდებული ნაწილების ხარჯს გაზრდის.
23 აპრილი – Chipotle-მა, რომელმაც ანალიტიკოსების პროგნოზებთან შედარებით, გაყიდვების ძალიან დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა, წლის პროგნოზი შეამცირა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სკოტ ბოუტრაიტმა აღნიშნა, რომ მომხმარებლები ხარჯებს ამცირებენ, რადგან ეკონომიკურ გაურკვევლობასთან დაკავშირებით შიში გაძლიერდა.
23 აპრილი – Alaska Airlines-მა 2025 წლის პროგნოზი „ბოლო დროს განვითარებული ეკონომიკური გაურკვევლობისა და არასტაბილურობის“ გამო გააუქმა.
23 აპრილი – Southwest Airlines-მა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტლის ნაწილობრივი პროგნოზი შეინარჩუნა, პირველი კვარტლის ანგარიშში გააუქმა 2025 წლის პროგნოზი და მიზეზად „მაკროეკონომიკური გაურკვევლობა“ დაასახელა.
15 აპრილი – United Airlines-მა შეინარჩუნა წლის პროგნოზი, თუმცა გამოაქვეყნა მეორე ვარიანტიც, რომელიც გაცილებით დაბალ შემოსავალს პროგნოზირებს.
11 აპრილი – Logitech-მა 2026 ფისკალური წლის პროგნოზი ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობის გაგრძელების გამო გააუქმა.
9 აპრილი – Walmart-მა განაცხადა, რომ 15 მაისს დაგეგმილი პირველი კვარტლის ანგარიშში აღარ წარმოადგენს საოპერაციო შემოსავლის პროგნოზს, რადგან ტრამპის ტარიფების ამოქმედების შემდეგ „შედეგების ვარიანტების სპექტრი“ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
9 აპრილი – Delta-მ, რომელმაც ადრევე შეამცირა პირველი კვარტლის შემოსავლების მოლოდინი 40-50 ცენტით აქციაზე, საბოლოოდ სრული წლის პროგნოზიც გააუქმა „მაკროეკონომიკური გაურკვევლობის გათვალისწინებით“, რადგან კომპანიის განცხადებით, „მთელი წლის პროგნოზირება ნაადრევი იყო“.