ტრამპის ტარიფებმა აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი $4 ტრილიონით შეიძლება შეამციროს

ტრამპის ტარიფებმა აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი $4 ტრილიონით შეიძლება შეამციროს

აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უცხო ქვეყნებიდან აშშ-ში იმპორტზე გაზრდილი ტარიფები ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტს მომდევნო ათი წლის განმავლობაში $4 ტრილიონით შეამცირებს. კონგრესის საბიუჯეტო ოფისის არაპარტიული ანალიტიკოსის განმარტებით, ტრამპის გადაწყვეტილებით ტარიფების ზრდისგან მიღებული შემოსავალი საბიუჯეტო დეფიციტს $3.3 ტრილიონით, ფედერალურ საპროცენტო გადასახადებს კი $0.7 ტრილიონით შეამცირებს.

თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამჟამად არსებული მაღალი ტარიფები შესაძლოა დიდხანს არ შენარჩუნდეს, რადგან სავაჭრო პარტნიორებთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში კი შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა მთელ რიგ მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან არსებული ტარიფები მცირედით, თუმცა მაინც შეამციროს.

ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან მიღებული შემოსავალი დეფიციტის ზრდის კომპენსირებას შეუწყობს ხელს, რაც რესპუბლიკელების მიერ გადასახადების შემცირების კანონპროექტის მიღებითაა გამოწვეული. კვლავ აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტი $3.4 ტრილიონით გაიზრდებოდა. ტარიფების დაწესება კი აღნიშნული ზრდის კომპენსირებას შეუწყობს ხელს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებით, აშშ-ის ფედერალური ვალი ამჟამად $37.18 ტრილიონს შეადგენს. აღნიშნული ვალი იზრდებოდა როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი ადმინისტრაციების პირობებში, ამის მიზეზი კი ისაა, რომ რომ კონგრესი ავტორიზაციას აძლევდა ფედერალურ მთავრობას, გაეღო იმაზე მეტი ხარჯი, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა.