პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმება მიღწეულია, რომელიც მისი და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ საბოლოო დამტკიცებას ელოდება.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს და აღნიშნავს, რომ შეთანხმება ჩინეთის მიერ იშვიათი მიწა-მეტალებისა და სხვა მნიშვნელოვანი მინერალების მიწოდებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, აშშ ჩინელი სტუდენტებისთვის ამერიკულ უნივერსიტეტებში შეზღუდვებს შეამსუბუქებს.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინურ საქონელზე 55%-იან ტარიფებს დააწესებს, ხოლო ჩინეთი აშშ-ის იმპორტზე 10%-იან გადასახადს. მისივე თქმით, ახლა უკვე შეთანხმება ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის, საბოლოო დამტკიცებას ექვემდებარება.
ჩინეთის სახელმწიფო მედიამ დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ პეკინი ლონდონში გამართული მოლაპარაკებების დროს ვაშინგტონთან შეთანხმების „ჩარჩოზე“ შეჯერდა.
აღსანიშნავია, რომ ლონდონში მოლაპარაკებების დანიშვნას წინ უსწრებდა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბარი, რაც 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მათი პირველი პირდაპირი ურთიერთობა იყო. ზარის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინი აშშ-ში იშვიათი მიწა-მეტალებისა და სხვა მნიშვნელოვანი მინერალების მიწოდების განახლებაზე თანახმაა.