აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შეერთებულ შტატებში გასაყიდი Coca-Cola-ს შემადგენლობაში სიმინდის სიროფის ნაცვლად, ლერწმის შაქრის გამოყენების შესახებ განაცხადა. მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, კომპანიას ინგრედიენტის ცვლილება ოფიციალურად არ დაუდასტურებია, სიმინდის გადამმუშავებელმა ინდუსტრიამ კი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების უარყოფითი შედეგების შესახებ გააფრთხილა.
ოთხშაბათს შუადღისას, საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე პრეზიდენტმა ტრამპმა პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ Coca-Cola-ს შეერთებულ შტატებში გასაყიდ სასმელში ნამდვილი ლერწმის შაქრის გამოყენების შესახებ ესაუბრა და კომპანიისგან თანხმობაც მიიღო: „მათი მხრიდან ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება. ეს უბრალოდ უკეთესია“.
თუმცა პრეზიდენტის განცხადება Coca-Cola-ს ცალსახად არ დაუდასტურებია. „ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის ენთუზიაზმს ჩვენი ლეგენდარული Coca-Cola-ს ბრენდის მიმართ. Coca-Cola-ს პროდუქციის ასორტიმენტში ახალი ინოვაციური შეთავაზებების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა რამდენიმე მედიასაშუალებასთან გაზიარებულ განცხადებაში.
ამჟამად, Coca-Cola აშშ-ში გასაყიდი გამაგრილებელი სასმელების დასატკბობად დიდი დოზით ფრუქტოზის შემცველ სიმინდის სიროფს იყენებს.
ტრამპის შეთავაზებას გამოეხმაურა სიმინდის გადამმუშავებელთა ასოციაცია, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედება ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. ასოციაციის გაფრთხილებითვე, სიმინდის სიროფის ლერწმის შაქრით ჩანაცვლება შეამცირებს ფერმერების შემოსავლებს და გაზრდის უცხოური შაქრის იმპორტს, რასაც არანაირი კვებითი სარგებელი არ მოჰყვება.
პრეზიდენტ ტრამპს კონკრეტული მიზეზი სასმელების დასატკბობად სიმინდის სიროფის გამოყენების შეწყვეტაზე არ დაუსახელებია. თუმცა წარსულში ამ საკითხს არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათ შორის ჯანდაცვის მინისტრი რობერტ კენედი უმცროსი და მისი მოძრაობა „გახადეთ ამერიკა ჯანმრთელი“ მკაცრად აკრიტიკებენ საკვებში დიდი დოზით ფრუქტოზის შემცველი სიმინდის სიროფისა და ხელოვნური საღებავების გამოყენებას. წარსულში კენედი სიმინდის სიროფს ამერიკის „სიმსუქნის ეპიდემიის“ ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ასახელებდა.