ტრამპის თქმით, აშშ სპილენძის იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს

ტრამპის თქმით, აშშ სპილენძის იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანახმად, ის მალე სპილენძის აშშ-ში იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ელექტრომობილების, სამხედრო ინდუსტრიისა და ელექტროსადგურებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მეტალის აშშ-ში წარმოებას საგრძნობლად გაზრდის.

დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ სპილენძის იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესებაზე აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმაც ისაუბრა. მისი განმარტებით, ტრამპის დაანონსებული ტარიფები ძალაში ივლისის ბოლოდან ან 1-ელი აგვისტოდან შევა და ამის შესახებ უფრო მეტს თავად პრეზიდენტი იტყვის.

RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსების მოსაზრებით, ტრამპის გადაწყვეტილებით ტარიფების ამოქმედება ბაზარზე სპილენძისა და სპილენძის მომპოვებელი კომპანიების აქციების ფასზე მოკლევადიან გავლენას იქონიებს.

საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის მთავრობამ აშშ-ში წითელი მეტალის იმპორტზე სპეციალური მოკვლევა დაიწყო, რასაც სპილენძის იმპორტ-ექსპორტის ეკონომიკური ასპექტები უნდა გაეანალიზებინა. გამოძიებას ვადა მიმდინარე წლის ნოემბრამდე ჰქონდა, თუმცა, ლუტნიკის განცხადებით, მოკვლევა უკვე დასრულდა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სპილენძი მრავალ ინდუსტრიაში გამოიყენება, მათ შორის მშენებლობის, ტრანსპორტირების, ელექტრობის, სამხედრო-სამრეწველო და სხვა სექტორებში. საჭიროების თითქმის ნახევარი კი აშშ-ში იმპორტით შედის. ქვეყანაში მხოლოდ სამი სპილენძის მომპოვებელი აქტიური ქარხანა ფუნქციონირებს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.