აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, იუტის უნივერსიტეტში მოკლული ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ის პოლიციასა და ფედერალურ აგენტებს 24 საათზე მეტხანს ემალებოდა.
„თითქმის სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ის [მკვლელი] დავაკავეთ,“ – განაცხადა ტრამპმა დღეს Fox News-ის ეთერში.
მანამდე აშშ-ის საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ მათ იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც, სავარაუდოდ, კირკის მკვლელობისთვის გამოიყენეს. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად, FBI-მ ეჭვმიტანილი პირის სურათებიც გამოაქვეყნა.
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მოკლეს. ის მძიმე ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირკის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჩარლი კირკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი და დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო. კირკმა 18 წლის ასაკში საზოგადოებრივი მოძრაობა, Turning Point-ი (ქართ. გარდამტეხი მომენტი) დააფუძნა, რის მიზანსაც ლიბერალურად განწყობილ ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში კონსერვატორული იდეალების გავრცელება წარმოადგენდა. ამ მიზნით ჩარლი კირკი სტუდენტებს სხვადასხვა საკითხზე მასთან დებატებს სთავაზობდა. იუტის უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება აღნიშნული ორგანიზაციის ტურის ფარგლებში დაგეგმილი 15 შეხვედრიდან პირველი იყო.