ტრამპის თქმით, გლობალურ ტარიფებს 10%-დან 15%-მდე გაზრდის

ტრამპის თქმით, გლობალურ ტარიფებს 10%-დან 15%-მდე გაზრდის

ფოტო: Bloomberg / Getty Images

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ყველა ქვეყნიდან აშშ-ში საქონლის იმპორტზე დროებით ტარიფს 10%-დან 15%-მდე გაზრდის, რაც კანონით დაშვებული მაქსიმალური დონეა. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მისი წინა ტარიფები გააუქმა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თავდაპირველად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „განთავისუფლების დღის“ ტარიფების გაუქმების საპასუხოდ, დამატებით 10%-იან გლობალურ ტარიფს დააწესებდა. ტრამპის განმარტებით, ახალ გლობალურ ტარიფს 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლის შესაბამისად დააწესებს.

ცნობისთვის, 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლი პრეზიდენტს 150 დღის განმავლობაში 15%-მდე ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას ანიჭებს. ამის შემდეგ საკითხს კონგრესი განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დროებითია.

შეგახსენებთ, 20 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ე.წ. „განთავისუფლების დღის“ ტარიფები უკანონოდ ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება ხმათა განაწილებით, 6-3 მიიღეს. ამით სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრამპმა 1977 წლის კანონის – საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტი (IEEPA) – გამოყენებით უფლებამოსილებას გადაამეტა.

IEEPA პრეზიდენტებს უფლებამოსილებას აძლევს დააწესონ ეკონომიკური სანქციები ეროვნული საგანგებო სიტუაციების დროს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომ ეს უფლებამოსილება ტარიფების დაწესებას მოიცავს. ამიტომ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის არ შეიძლება გავრცელდეს ტარიფებზე.