აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩოს“ მიღწევის შემდეგ, ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ახალი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება გააუქმა. ტრამპის თქმით, შეთანხმების ჩარჩო NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, მიღწეულია.
პრეზიდენტმა გადაწყვეტილება საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, NATO-ს ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი გასულ კვირას დაიმუქრა, რომ 1-ელი თებერვლიდან დანიისა და კიდევ შვიდი ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ 10%-იან ტარიფებს დააწესებდა, რომლებიც ივნისისთვის შესაძლოა 25%-მდე გაზრდილიყო. აღნიშნული ქვეყნები გრენლანდიას სამხედრო მხარდაჭერას უწევენ მას შემდეგ, რაც ტრამპმა კუნძულზე კონტროლის მოპოვების სურვილი საჯაროდ გამოთქვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დეტალები არ გაასაჯაროვა, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლო შეთანხმება „მთელ არქტიკულ რეგიონს“ შეეხება და მისი განხორციელების შემთხვევაში „სასარგებლო იქნება როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე NATO-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის“.
აქვე აღსანიშნავია, რომ ტრამპმა გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად სამხედრო ძალის გამოყენების გეგმები უარყო, თუმცა დავოსში გამოსვლისას კვლავ გაიმეორა, რომ ამ ტერიტორიას შეერთებული შტატები უნდა ფლობდეს. მისი თქმით, აშშ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც გრენლანდიის დაცვა შეუძლია ისეთი მოწინააღმდეგეებისგან, როგორიც ჩინეთი და რუსეთია.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და სხვა ოფიციალური პირები ჩაერთვებიან.









