ტრამპის თქმით, ჰორმუზის ბლოკადა ირანს დღეში $500 მილიონს აკარგვინებს

ტრამპის თქმით, ჰორმუზის ბლოკადა ირანს დღეში $500 მილიონს აკარგვინებს

ფოტო: Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ბლოკადის გამო ირანი ყოველდღიურად დაახლოებით 500 მილიონ დოლარს კარგავს და ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნა სურს.

ტრამპის თქმით, თეირანის საჯარო განცხადებები, თითქოს სრუტის ბლოკირებას გეგმავს, მხოლოდ „სახის შენარჩუნების“ მცდელობაა. ეს კომენტარები აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გააკეთა, რამდენიმე საათიდან მას შემდეგ, რაც ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა.

გუშინ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „ფინანსურად ინგრევა“ და მიანიშნა, რომ მისი ლიდერები სასოწარკვეთილად ცდილობენ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას. მისივე თქმით, ქვეყნის სამხედრო და საპოლიციო სტრუქტურებიხელფასების დაგვიანებაზე ჩივიან, თუმცა მან არ დააკონკრეტა, ეფუძნება თუ არა ეს ინფორმაცია სადაზვერვო მონაცემებს.

ტრამპმა მიანიშნა, რომ ბლოკადის მოხსნა არ იგეგმება და აღნიშნა, რომ მისი გაუქმება მოლაპარაკებების პროცესს შეაფერხებს.

ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება ტრამპის პოზიციის ცვლილებას წარმოადგენს, რადგან მან ადრე განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი ნაკლებად მოსალოდნელი იყო და შეთანხმების არმიღწევის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებები განახლდებოდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პაკისტანის სამხედრო მეთაურის, ასიმ მუნირისა და პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის თხოვნის შემდეგ მიიღო.

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ბლოკადის შედეგად ირანის ძირითადი ნავთობის ტერმინალი მალე სრულად შეივსება, რაც ნავთობის მოპოვების შეჩერებას გამოიწვევს. მისი თქმით, ბლოკადის მიზანი ირანის ხელისუფლების მთავარი ფინანსური წყაროების შეზღუდვა და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებაა.

აშშ-ის ხაზინამ გამარფთხილებელი განცხადებაც გააკეთა, რომ ნებისმიერი პირი ან კომპანია, რომელიც ირანის ნავთობის ტრანსპორტირებას ან ფინანსურ ოპერაციებს შეუწყობს ხელს, სანქციების რისკის ქვეშ მოექცევა.