აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს. ტრამპის განმარტებით, ამის მიზეზი ონტარიოს „პროვინციული“ მთავრობის მიერ ტარიფების საწინააღმდეგო რეკლამების ჩვენება იყო, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ტარიფებს აკრიტიკებს. ტრამპი აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებს ყალბს უწოდებს.
დონალდ ტრამპმა საკუთარ სოცმედიაპლატფორმაზე რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის მიერ გავრცელებული განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ფონდის განცხადებით, კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, სადაც რონალდ რეიგანი ტარიფებზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს.
პრეზიდენტის თქმით, კანადის მთავრობის მიერ დაფინანსებული სარეკლამო კამპანიის მიზანი აშშ-ის უზენაესი სასამართლოსა და სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა იყო.
ტრამპმა საკუთარ განცხადებაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტარიფების მნიშვნელობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის.
რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის განცხადებით, კანადის მთავრობამ სარეკლამო კამპანიისათვის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის 1987 წლის 25 აპრილით დათარიღებული რადიომიმართვა გამოიყენა, სადაც ის ერს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობაზე ესაუბრება. ფონდის განმარტებით, რეკლამა არასწორად წარმოაჩენს აღნიშნულ რადიომიმართვას და კანადის მთავრობას ამ ჩანაწერის გამოყენებისა და რედაქტირებისათვის ნებართვა არც მოუთხოვია და არც მიუღია.
რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის თქმით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი ზომების მიღებას განიხილავს. გარდა ამისა, ფონდმა რონალდ რეიგანის აღნიშნული მიმართვის სრული, დაურედაქტირებელი ვერსიაც გამოაქვეყნა.
















