ტრამპის თქმით, ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც წამლების ფასებს 30%-80%-ით შეამცირებს

ტრამპის თქმით, ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც წამლების ფასებს 30%-80%-ით შეამცირებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, დღეს, 12 მაისს, ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებს დაავალდებულებს, აშშ-ში რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ფასები სხვა ქვეყნებში არსებული ყველაზე დაბალი ფასის იდენტური გახადონ. პრეზიდენტის თქმით, ეს ნაბიჯი მოცემული კატეგორიის წამლების ღირებულებას „30%-დან 80%-მდე“ შეამცირებს.

ტრამპმა აღნიშნული განცხადება Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტით გაავრცელა, რომელშიც ასევე თქვა, რომ აშშ-ში რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ფასები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებულ ფასებზე რამდენჯერმე მაღალია, როდესაც ამერიკელებს მარტოს უწევთ პრეპარატების კვლევა-განვითარების ხარჯების გაწევა. მისივე განაცხადებით, ახალი აღმასრულებელი ბრძანების წყალობით აშშ-ში რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ფასები „თითქმის მყისიერად, 30%-დან 80%-მდე“ შემცირდება, თუმცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გაიზრდება, ფასების გათანაბრებისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით.

საინტერესოა, რამდენად მეტს ხარჯავენ ამერიკელები რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების შეძენაზე სხვებთან შედარებით — RAND-ის მიერ 2024 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში მედიკამენტის ფასები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, თითქმის 2.8-ჯერ მაღალი იყო. მხოლოდ „ბრენდული წარმოშობის მედიკამენტების“ განხილვის შემთხვევაში, ფასებს შორის სხვაობა 4.2-ჯერ მეტს აღწევდა.

ცნობისთვის, კვლევის დროს მედიკამენტების ფასები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 38 განვითარებული ეკონომიკიდან 32-ში შეფასდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამერიკელები გენერიკულ მედიკამენტებში 33%-ით ნაკლებს იხდიდნენ, ვიდრე კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნები. თუმცა ამან ბრენდირებულ მედიკამენტებზე მაღალი ხარჯები ვერ დააბალანსა.