გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკისა და კანადისთვის ტარიფები, როგორც დაგეგმილი იყო, 4 მარტიდან ამოქმედდება. მისივე თქმით, ამავე დღეს შევა ძალაში ჩინეთისთვის დამატებით 10%-იანი გადასახადი.
შეგახსენებთ, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფების დაწესება აშშ-ის პრეზიდენტმა 3 თებერვალს ერთი თვით გადაავადა. საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში ტრამპმა დაწერა, რომ ეს თარიღი კვლავ ძალაშია.
„ნარკოტიკები ისევ შემოდის ჩვენს ქვეყანაში მექსიკიდან და კანადიდან ძალიან მაღალ და მიუღებელ დონეზე,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამ უბედურებამ აშშ-ისთვის ზიანის მიყენება გააგრძელოს და, შესაბამისად, სანამ ის არ შეჩერდება ან სერიოზულად არ შეიზღუდება, შემოთავაზებული ტარიფები, რომლებიც 4 მარტს უნდა ამოქმედდეს, ძალაში რჩება, როგორც დაგეგმილი იყო,“ – დასძინა მან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთს, რომელიც უკვე ემუქრება აშშ-ს 10%-იანი ტარიფების დაწესებით ამერიკულ პროდუქტებზე, „ასევე დაეკისრება დამატებით 10%-იან ტარიფი იმავე დღეს“. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯამში ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 20%-იანი ტარიფი იმოქმედებს.
შეგახსენებთ, ჩინეთის, მექსიკისა და კანადისთვის ტარიფების დაწესების გარდა, ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გლობალურად 25%-იანი ტარიფების დაწესების განკარგულებაც გასცა, რომელიც 12 მარტს ამოქმედდება.
გარდა ამისა, 13 თებერვალს, ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ქვეყნებისთვის, რომლებიც აშშ-ის საქონლის იმპორტზე გადასახადებს აწესებენ, საპასუხო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.