ტრამპის თქმით, მისმა ტარიფებმა აშშ-ს „ტრილიონები“ მოუტანა - როგორია რეალური მაჩვენებელი?

ტრამპის თქმით, მისმა ტარიფებმა აშშ-ს „ტრილიონები“ მოუტანა - როგორია რეალური მაჩვენებელი?

კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა, რომელთა უმეტესობა სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ცნო, შეერთებულ შტატებს „ტრილიონობით დოლარი“ მოუტანა. ამერიკული Forbes-ი კი წერს, რომ მართალია, ეს მაჩვენებელი ზოგიერთი ეკონომისტის შეფასებას ემთხვევა, თუმცა ისინი ტრილიონობით დოლარის შემოსავლის მიღებას არა წელს, არამედ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ვარაუდობენ.

„ტარიფებისა და იმ ტრილიონობით დოლარის გარეშე, რომელიც უკვე მივიღეთ, ჩვენი ქვეყანა და სამხედრო ძალა მყისიერად განადგურდებოდა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

აგვისტოს დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ დაწესებულ გადასახადებს „ამერიკისთვის ინფლაცია ან სხვა პრობლემები არ გამოუწვევია“. მისივე თქმით, სანაცვლოდ, ქვეყნის ხაზინაში დიდი რაოდენობით ნაღდი ფული შევიდა. თუმცა ტრამპი არ საუბრობს იმაზე, რომ ტარიფებს უცხოური საქონლის იმპორტისთვის აშშ-ის კომპანიები იხდიან, ხოლო ამ ხარჯებს საბოლოოდ ამერიკელი მომხმარებლები ფარავენ.

ტარიფებთან დაკავშირებით ტრამპის ბოლო კომენტარები აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მიერ პარასკევს მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა საპასუხო ტარიფების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა, რომელიც „კონგრესის ძირითად უფლებამოსილებად“ მიიჩნევა.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების აკრძალვის გადაწყვეტილება ძალაში 14 ოქტომბრამდე არ შევა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების საშუალებას მისცემს.

დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ, Forbes-ი დაინტერესდა, რეალურად რა თანხმა შევიდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მიერ დაწესებული საიმპორტო გადასახადებიდან ქვეყნის ხაზინაში. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რომელიც აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდა, აშშ-მა ამ ფისკალურ წელს (სექტემბერში მთავრდება) სატარიფო შემოსავლების სახით 142 მილიარდი დოლარი მიიღო. აპრილში ტრამპის ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ კი, გადასახადებმა დაახლოებით 96 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანა,  მას შემდეგ, რაც საბაჟო გადასახადები ივლისში 28 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა (წლიური ზრდა 273%).

მონაცემების თანახმად, ივნისის თვეში საბაჟო გადასახადებმა 27 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააგენერირა, მაისში – 22 მილიარდი დოლარის, ხოლო აპრილში 16 მილიარდი დოლარის. ტრამპის ტარიფების გამოცხადებამდე, მარტში საბაჟო გადასახადებმა 8 მილიარდი დოლარი, ხოლო თებერვალსა და იანვარში 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, საბაჟო გადასახადები არის ტარიფები ან გადასახადები, რომლებსაც იმპორტიორები საერთაშორისო ვაჭრობაში იხდიან. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში კომპანიები, ბიზნესები ან ფიზიკური პირები ქვეყანაში საქონლის შეტანისას ვალდებულნი არიან, გარკვეული მოცულობის გადასახადები გადაიხადონ. როგორც წესი, ტარიფების ხარჯების ტვირთს მომხმარებლები ატარებენ, რადგან კომპანიები ტარიფების ეფექტების კომპენსაციის მიზნით პროდუქციაზე ფასებს ზრდიან.

გასული თვის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა MSNBC-ს განუცხადა, რომ მისი მოლოდინით, ტარიფები ყოველწლიურად 300 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოიტანს. მანვე აღნიშნა, რომ „არსებობს შანსი, ეს მაჩვენებელი 2026 წელს კიდევ უფრო მაღალი იყოს“.

საგადასახადო ფონდის პროგნოზით, ტრამპის ტარიფები მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 2.5 ტრილიონ დოლარს მოიტანს. თუმცა ტარიფებისვე მიზეზით, ვარაუდობენ, რომ საშუალო ზომის ოჯახისთვის საქონლისა და გადასახადების ხარჯები 2025 წელს თითქმის 1300 დოლარით გაიზრდება, 2026 წელს კი – 1700 დოლარით.

პასუხისმგებლობიანი ფედერალური ბიუჯეტის კომიტეტი ვარაუდობს, რომ ტრამპის ტარიფები 2034 ფისკალური წლისთვის 2.8 ტრილიონ დოლარს დააგენერირებს, თუ ისინი აღნიშნულ დრომდე ძალაში დარჩება.