ტრამპის თქმით, მოდიმ დაარწმუნა, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს

ტრამპის თქმით, მოდიმ დაარწმუნა, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაარწმუნა, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს. ტრამპმა აღნიშნა, რომ მოსკოვის ენერგოშემოსავლების შემცირების მოტივით შემდეგი მოთხოვნა ჩინეთთან ექნება.

ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან. ეს ქვეყნები რუსული ნავთობის შეღავათიან ფასად შეძენის უპირატესობით სარგებლობენ იმ ფონზე, რომ მასზე ევროპულმა სახელმწიფოებმა უარი თქვეს.

რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთი აშშ-ის ეკონომიკური სამიზნე აქამდეც გამხდარა. მოგეხსენებათ, ამ მიზეზით შეერთებულმა შტატებმა ინდოეთს მაღალი ტარიფებიც დაუწესა.

„მე არ მომწონდა, რომ ინდოეთი რუსულ ნავთობს ყიდულობდა და მან (მოდიმ) დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტენ“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე. „ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა ჩვენ იმავეს ჩინეთს გავაკეთებინებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

საინტერესოა, რომ აღნიშნული პირობის შესახებ ინდურ მხარეს ჯერჯერობით არაფერი განუცხადებია.

მოგვიანებით, აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა იაპონიის ფინანსთა მინისტრ კაცუნობუ კატოს შეხვედრისას განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იაპონიისგან რუსული ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტას მოელის.

რუსეთი ინდოეთისთვის ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია. სექტემბერში რუსეთიდან ინდოეთში დღიურად 1.62 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, რაც ქვეყნის ნავთობიმპორტის მესამედს შეადგენს. თვეების განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკურ წნეხს ინდოეთი წარმატებით უძლებდა, თუმცა, როგორც ჩანს ტარიფების დაწესებამ შედეგი მაინც გამოიღო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფი დაუწესა. რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერებაზე შეუთანხმებლობის გამო კი მალევე ინდოეთს დამატებით 25%-იანი ტარიფი დაუწესდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.