ტრამპის თქმით, ფოლადისა და ალუმინის ტარიფებზე გამონაკლისს არ განიხილავს

ტრამპის თქმით, ფოლადისა და ალუმინის ტარიფებზე გამონაკლისს არ განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფოლადისა და ალუმინის ტარიფებზე გამონაკლისის დაშვებას არ აპირებს. მისივე თქმით, საპასუხო და სექტორული ტარიფები 2 აპრილიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიასააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში, ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გლობალურად 25%-იანი გადასახადი დააწესა, გამონაკლისების გარეშე. ეს ნაბიჯი აშშ-ის ინდუსტრიის დასახმარებლად იყო გამიზნული, თუმცა, ამავდროულად, სავაჭრო ომის ესკალაციას შეუწყო ხელი, რასაც სხვა ქვეყნების მხრიდან საპასუხო ტარიფები, ტრამპის მხრიდან კი იმპორტის გადასახადების კიდევ უფრო გაზრდის მუქარა მოჰყვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებზე საპასუხო ტარიფებს ავტომობილების იმპორტზე გადასახადიც დაემატება.

„გარკვეულ შემთხვევებში, ორივე“, უპასუხა ტრამპმა კითხვაზე, დააწესებს თუ არა სექტორულ და საპასუხო ტარიფებს 2 აპრილს. „ისინი ჩვენ გვიწესებენ [გადასახადებს], ჩვენ კი მათ. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება დამატებითი ტარიფები მანქანებზე, ფოლადსა და ალუმინზე“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი გადასახადის დაწესების გეგმა 10 თებერვალს გააჟღერა. ტარიფები ძალაში 12 მარტიდან შევიდა.