ტრამპის თქმით, პუტინთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურს

ტრამპის თქმით, პუტინთან რაც შეიძლება მალე შეხვედრა სურს

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რაც შეიძლება მალე შეხვდეს. მანამდე ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი არ იქნება მანამ, სანამ მათ შორის პირისპირ შეხვედრა არ გაიმართება.

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დასკვნით ეტაპზე, აბუ-დაბიში დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პუტინს შეხვდება, „როგორც კი მის დაგეგმვას შეძლებენ“. „ვფიქრობ, დროა, უბრალოდ ეს გავაკეთოთ“, – თქვა ტრამპმა სამშვიდობო შეთანხმების შესახებ და დასძინა, რომ ომის გამო „ყოველ კვირას“ საშუალოდ ხუთი ათასი ადამიანი იღუპება.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ პუტინმა თურქეთში უკრაინელ ოფიციალურ პირებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრებაზე უარი მისი არყოფნის გამო თქვა: „მე ვთქვი, თუ არ წავალ, გარანტიას გაძლევთ, რომ არც პუტინი წავა და ის არ წავიდა… მე მესმის ეს“.

როდესაც ჰკითხეს, გაუკვირდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის არგამოცხადება მოლაპარაკებებზე, ტრამპმა უპასუხა: „არა, ის არ გამოცხადდა, რადგან გაიგო, რომ პუტინი არ წავიდოდა“.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად იყო ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობიდან პირდაპირ პუტინთან შესახვედრად, სავარაუდოდ, თურქეთში გამგზავრებულიყო, თუმცა გეგმა ქალიშვილ ტიფანის გამო შეცვალა, რომელსაც ახლახან შვილი შეეძინა.

აღსანიშნავია, რომ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა „რა თქმა უნდა აუცილებელია, როგორც რუსეთ-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების, ასევე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე უმაღლეს დონეზე სერიოზული საუბრის თვალსაზრისით, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის ირგვლივ არსებული კრიზისის“. თუმცა პესკოვს არ დაუკონკრეტებია თარიღი, თუ როდის შეიძლება ეს შეხვედრა ჩატარდეს.