ტრამპის თქმით, სახელმწიფოთა უმეტესობისთვის 15-20%-იანი ტარიფები დაწესდება

ტრამპის თქმით, სახელმწიფოთა უმეტესობისთვის 15-20%-იანი ტარიფები დაწესდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იმ ქვეყნებს, რომელთაც აშშ-სთან ცალკეული სავაჭრო შეთანხმებები არ გაუფორმებიათ, 15-დან 20%-მდე ტარიფები დაუწესდებათ. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად საყოველთაო ტარიფების ზღვარი აპრილში გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, 10% იყო.

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, 200-მდე ქვეყანას საყოველთაო ტარიფების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებას უახლოეს მომავალში გაუგზავნიან. „ვიტყოდი, რომ ის [ტარიფები] 15-დან 20%-მდე შუალედში იქნება. დიდი ალბათობით, ამ ორი რიცხვიდან ერთ-ერთი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში დონალდ ტრამპმა საყოველთაო საპასუხო ტარიფები დააანონსა, რომელთა ამოქმედების ვადად 1-ელი აგვისტო განისაზღვრა. ტრამპის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ყველა ქვეყანას მინიმუმ 10%-იანი საიმპორტო გადასახადი დაუწესდა, ცალკეული ქვეყნებისთვის კი ტარიფებმა 50%-ც კი შეადგინა.

აპრილიდან დღემდე აშშ-ის მთავარი სავაჭრო პარტნიორები შეერთებულ შტატებთან ინდივიდუალური სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას ცდილობენ, რათა ტარიფების ამოქმედებამდე მათი პროცენტი შეამცირონ. მაგალითად, ასეთი შეთანხმებები უკვე გაფორმდა იაპონიასთან (ავტომობილების ტარიფები 25%-დან 15%-მდე შემცირდა) და ევროკავშირთან (15%), სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები კი კვლავ გრძელდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცალკეული სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ისეთი ქვეყნებისთვისაა, რომელთა ექსპორტიც აშშ-ზე ძლიერ არის დამოკიდებული. მაგალითად, კანადა, რომლის ექსპორტის 75% სწორედ აშშ-ზე მოდის, ტრამპის გეგმით, 35%-იან ტარიფებს დაექვემდებარება. კანადის გარდა აშშ-სთან სატარიფო მოლაპარაკებებს სამხრეთი კორეა, ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი, მექსიკა და ტაივანი აწარმოებენ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.