ტრამპის თქმით, TikTok-ის შეძენით „ძალიან მდიდარი ადამიანების ჯგუფია“ დაინტერესებული

ტრამპის თქმით, TikTok-ის შეძენით „ძალიან მდიდარი ადამიანების ჯგუფია“ დაინტერესებული

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინური ByteDance-ისთვის TikTok-ის ამერიკული აქტივების გაყიდვისთვის მიცემული ვადა უკვე მესამედ, ამჯერად 2025 წლის 17 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ტრამპმა გადაწყვეტილება სოციალური პლატფორმა Truth Social-ის საშუალებით 19 ივნისს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც კომპანიის ამერიკული ბიზნესის გაყიდვა კვლავ ვერ მოხერხდა.

ByteDance-ის ამერიკული ოპერაციების გაყიდვის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა ამჯერად Fox News-ზე გადაცემა Sunday Morning Futures-ში ისაუბრა და განაცხადა, რომ TikTok-ის შეძენით „ძალიან მდიდარი ადამიანების ჯგუფია“ დაინტერესებული. ტრამპს გარიგებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმებისთვის მას ჩინეთის თანხმობა დასჭირდება და ფიქრობს, რომ პრეზიდენტი სი ძინპინისგან დასტურს მიიღებს.

„ვფიქრობ, ჩინეთის თანხმობა დამჭირდება და პრეზიდენტი სი ძინპინი ამას ალბათ გააკეთებს“, – განუცხადა ტრამპმა Fox News-ის წამყვან მარია ბარტირომოს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების, მათ შორის შესაძლო მყიდველების შესახებ ინფორმაციას, სავარაუდოდ უახლოეს ორ კვირაში გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ აღმასრულებელ ბრძანებას, TikTok-ის გაყიდვის ვადის 90 დღით გახანგრძლივების თაობაზე, ტრამპმა ხელი ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს მოაწერა. მას შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ByteDance-სთვის ამერიკული ოპერაციების გასაყიდად მიცემული ვადა ორჯერ, 4 აპრილს და 19 ივნისს გადასწია.

უცნობია, თუ რა თანხად გაყიდის ByteDance TikTok-ის ამერიკულ ბიზნესს, გარდა ამისა, აპლიკაციის შეფასება საკმაოდ რთულია. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, აპლიკაციის ღირებულება, რომელსაც აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, $30 მილიარდიდან $300 მილიარდამდე მერყეობს. ამ დრომდე, TikTok-ის შეძენით დაინტერესებულ სუბიექტებს შორის მოიაზრებოდნენ ბაზრის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიცაა Microsoft-ი და Oracle-ი.