აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კატარს ეწვია, დღეს ამერიკელ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. საამიროების ლიდერებს აშშ-ის მხარდაჭერის იმედით აქვთ, რათა ქვეყანა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გლობალურ ლიდერად იქცეს.
როგორც Reuters-ი იუწყება, აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დადებულია წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა წლიურად Nvidia-ს 500,000 ერთეული ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ჩიპი შეძენას შეძლებს. ეს საამიროებში ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემუშავებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მონაცემთა ცენტრების მშენებლობას შეუწყობს ხელს. თუმცა, წყაროების ცნობით, შეთანხმებამ აშშ-ის მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურაში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია და შესაძლოა, პირობები შეიცვალოს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ახლო აღმოსავლეთში 4-დღიანი ვიზიტით ორშაბათს გაემგზავრა. მისი ვიზიტის ფარგლებში, უკვე არაერთი მსხვილი შეთანხმება გაფორმდა. მათ შორისაა Qatar Airways-ის მიერ Boeing-ის 210 თვითმფრინავის შესყიდვა, საუდის არაბეთის $600-მილიარდიანი ინვესტიცია აშშ-ში და ამავე ქვეყნის მიერ $142 მილიარდის მოცულობის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა.
დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს თან ახლავს დიპლომატიური აქტიურობაც. სამშაბათს ტრამპმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ აშშ სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, რასაც ქვეყნის დროებით პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარასთან შეხვედრა მოჰყვა.
როგორც ცნობილია, დღეს ტრამპი სიტყვით გამოვა ალ-უდეიდის ავიაბაზაზე, რომელიც დოჰას სამხრეთ-დასავლეთით უდაბნოში მდებარეობს და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდეს სამხედრო ობიექტს წარმოადგენს. შემდეგ კი იგი აბუ-დაბიში გაემგზავრება, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანსა და სხვა ლიდერებს შეხვდება.
მოგზაურობის ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი ხელოვნურ ინტელექტზე იქნება. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში AI-ჩიპების ახლო აღმოსავლეთში ექსპორტზე მკაცრი კონტროლი დაწესდა — მიზეზი იყო შიში, რომ ეს ტექნოლოგიები შესაძლოა ჩინეთს გადაეცეს და პეკინის სამხედრო ძალა გააძლიეროს.
როგორც ჩანს, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობის გაუმჯობესება ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტია. თუ რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩიპებთან დაკავშირებული შეთანხმებები საბოლოოდ განხორციელდება, ეს მას გლობალურ ასპარეზზე ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ, მესამე ძლიერ მოთამაშედ აქცევს.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად განიხილებოდა ტრამპის ვიზიტი თურქეთშიც, სადაც პრეზიდენტის რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა იყო მოსალოდნელი. თუმცა ოთხშაბათს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ლიდერი ამ გეგმას აღარ განახორციელებს და პირდაპირ ვაშინგტონში დაბრუნდება.