ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაში: სამშვიდობო შეთანხმება არ მიღწეულა

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაში: სამშვიდობო შეთანხმება არ მიღწეულა

პარასკევ საღამოს, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა თითქმის სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომლის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება არ მიღწეულა.

„გარიგე არ იქნება, სანამ არ იქნება შეთანხმება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თავის შესავალ სიტყვაში, თუმცა აღნიშნა, რომ მან და პუტინმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით „დიდ პროგრესს“ მიაღწიეს.

ტრამპის თქმით, ის უახლოეს პერიოდში NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდება, რათა მათ შეხვედრის დეტალები გააცნოს, თუმცა კონკრეტული შედეგების შესახებ საჯაროდ არაფერი დაუზუსტებია. პრესკონფერენციაზე არც ტამპს და არც პუტინს ჟურნალისტების შეკითხვებზე არ უპასუხიათ.

პუტინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამშიდობო შეთანხმების მისაღწევად ჯერ უკრაინაში რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაა საჭირო. მან პრესკონფერენციის დასაწყისში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს „მეზობლები“ უწოდა და განაცხადა, რომ პირისპირ შეხვედრა უკვე დიდი ხანია, საჭირო იყო.

შეგახსენებთ, პუტინმა 6 აგვისტოს მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩასულ აშშ-ის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, განუცხადა, რომ რუსეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტას იმ პირობით დათანხმდებოდა, თუ კიევი დონეცკის ოლქიდან თავის ძალებს გაიყვანდა, რაც მოსკოვს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, ასევე ყირიმზე სრულ კონტროლს მიანიჭებდა.

ალასკის სამიტამდე ტერიტორიების გაცვლის იდეა დონალდ ტრამპმაც გააჟღერა. პარასკევს, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მიწების გარკვეულ გაცვლას გულისხმობს. „ტერიტორიების გარკვეული გაცვლა ორივე მხარის საკეთილდღეოდ მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, თუმცა პუტნთან შეხვედრის შემდეგ ამ საკითხზე კონკრეტული არაფერი უთქვამს.

აქვე გეტყვით, რომ 9 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მიერ ნებისმიერი ტერიტორიის დათმობის იდეა კატეგორიულად გამორიცხა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ალასკისკენ ფრენის დროს განუცხადა, რომ მოლაპარაკებებისგან კონკრეტულ შედეგს არ ელოდა და თუმცა დასძინა, რომ სასურველია ცეცხლის სწრაფად შეწყვეტა: „არ ვიქნები კმაყოფილი, თუ ეს დღეს არ მოხდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, სამიტის შემდეგ, ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ პუტინთან პროგრესის მიღწევის გამო, ის ჩინეთისთვის რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ტარიფების დაწესებას გადადებდა. მეორე მხრივ, მას არ უხსენებია ინდოეთი, რუსული ნედლი ნავთობის კიდევ ერთი მსხვილი შემსყიდველი, რომელსაც იმპორტზე 50%-იანი ტარიფი დაუწესა, მათ შორის 25%-იანი გადასახადი სწორედ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მიზეზით.

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ ახლა პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაინიშნება, რომელსაც შესაძლოა თავადაც დაესწროს. მან იმის შესახებ, თუ სად ან როდის შეიძლება შედგეს ეს შეხვედრა, დამატებითი დეტალები არ გაამხილა.

პუტინს ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკისთან შეხვედრა არ უხსენებია. მისი თქმით, ელის, რომ უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შედეგებს კონსტრუქციულად მიიღებენ და „ახალი პროგრესის ჩაშლას“ არ შეეცდებიან.

კიევმა და მოსკოვმა ომის დასრულების შესახებ უკვე მოლაპარაკებების სამი რაუნდი ჩაატარეს, რომელთაგან საომარი მოქმედებების შეჩერების გარანტი ვერცერთი გახდა, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულებაზე უარის თქმის ფონზე.

რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ მაქსიმალისტური მოთხოვნები არაერთხელ წამოაყენა და საჯაროდ მოითხოვა კიევისგან NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა, ასევე ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან უკრაინული ჯარების გაყვანა. პუტინი პრეტენზიას შავი ზღვის ყირიმის ნახევარკუნძულზეც აცხადებს, რომლის ანექსია მან 2014 წელს მოახდინა.