ტრამპმა ჩინეთთან სატარიფო შეთანხმება დამატებით 90 დღით გაახანგრძლივა

ტრამპმა ჩინეთთან სატარიფო შეთანხმება დამატებით 90 დღით გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სატარიფო შეთანხმება დამატებით 90 დღით გახანგრძლივდა. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ბრძანებას, რომელიც ახალი ტარიფების ამოქმედებას 10 ნოემბრამდე გადაავადებს, დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.

შედეგად, ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე კვლავ 30%-იანი, ხოლო ჩინეთში ამერიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 10%-იანი ტარიფები შენარჩუნდა. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები 12 აგვისტომდე შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, ქვეყნებს შორის ახალი სატარიფო გადასახადები უნდა ამოქმედებულიყო, რომლებიც აშშ-ში ჩინური საქონლის 145%-ით, ხოლო ჩინეთში ამერიკული პროდუქციის 125%-ით დაბეგვრას ითვალისწინებდა.

თეთრი სახლის განცხადებით, სატარიფო ზავის გახანგრძლივება ქვეყანას „სავაჭრო დისბალანსისა“ და „უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის“ შესახებ შემდგომი მოლაპარაკებებისთვის მეტ დროს მისცემს. აშშ-ის მთავრობის მონაცემებით, 2024 წელს ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტმა $300 მილიარდი შეადგინა, რაც ქვეყნის ნებისმიერ სხვა სავაჭრო პარტნიორს შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების მიზანი ასევე ამერიკელი ექსპორტიორებისთვის ჩინეთში წვდომის გაზრდა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხების მოგვარება იქნება.

სატარიფო შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა ჩინური მხარეც. განცხადებაში ჩინეთმა აშშ-ს „არაგონივრული“ სავაჭრო შეზღუდვების გაუქმებისაკენ, ორივე მხარის კომპანიების სასარგებლოდ და გლობალური ნახევარგამტარული წარმოების სტაბილურობისთვის ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.