ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიცია ივანიშვილის დასანქცირების მომხრე მაიკ უოლცს შესთავაზა

ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიცია ივანიშვილის დასანქცირების მომხრე მაიკ უოლცს შესთავაზა

Fox News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი წყარო ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩევლის როლი რესპუბლიკელ მაიკ უოლცს შესთავაზეს.

50 წლის მაიკ უოლცი აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ძალების, “მწვანე ბერეტების” ვეტერანი და ტრამპის დიდი ხნის მხარდამჭერია, რომელიც გასულ კვირას კონგრესში ხელახლა აირჩიეს. უოლცი ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მსახურობდა.

რესპუბლიკელი კონგრესმენი უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ის აშშ-ის მიერ დახმარებებზე გაწეული ხარჯების გადახედვას მოითხოვდა. ამასთან, უოლცი ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდას უჭერს მხარს.

მაიკ უოლცთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რომ ის 2020 წელს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მომხრე რესპუბლიკელ კონგრესმენებს შორის იყო. აღნიშნული ინიციატივით წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური კვლევების კომიტეტი (RSC) გამოვიდა. აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის ინტერესების გატარებით საქართველოში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს“.

საქართველო და ბიძინა ივანიშვილი 120-გვერდიანი დოკუმენტის იმ ნაწილში არიან ნახსენები, რომელშიც კონგრესმენები რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გახანგრძლივებას და გაფართოებას ითხოვენ. ინიციატივას ხელი 13-მა კონგრესმენმა მოაწერა, რომელთა შორის მაიკ უოლციც იყო.