ტრამპმა ირანის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის დაწყება 6 აპრილამდე გადაავადა

ტრამპმა ირანის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის დაწყება 6 აპრილამდე გადაავადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანისთვის ჰორმუზის სრუტის გასახსნელად დაწესებული ულტიმატუმის ვადა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა. აშშ ირანის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის დედლაინი 10 დღით გადავადდა, რისი მიზეზიც, ტრამპის განმარტებით, ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა აშშ-ის მიერ შეთავაზებული ომის დასრულების 15-პუნქტიანი გეგმა უარყო. თუმცა დონალდ ტრამპმა საზოგადოებას მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ამცნო.

შეგახსენებთ, ისრაელისა და შეერთებული შტატების ერთობლივი თავდასხმა 28 თებერვალს დაიწყო. თეირანმა კი საპასუხო შეტევა მალევე წამოიწყო. ირანის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ენერგოინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღებას ტრამპის ულტიმატუმი და ირანის ენერგოინფრასტრუქტურის სრულად განადგურებასთან დაკავშირებით მუქარა მოჰყვა.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მიუხედავად ყალბი ამბების გამავრცელებელი მედიის განცხადებებისა, ის კარგად მიმდინარეობს“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.

თავის მხრივ, ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანა აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ტრამპს კი არ დაუკონკრეტებია, თუ ვისთან საუბრობს ამერიკული მხარე.

თავდაპირველად ირანულ ენერგოსექტორზე თავდასხმის დაწყების ბრძანება ტრამპმა 23 მარტს 5 დღით გადაავადა, ამჯერად კი თეირანს მოლაპარაკებებისთვის კიდევ 10-დღიანი ვადა მისცა. ულტიმატუმის ვადა 6 აპრილს, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით შუაღამისას იწურება.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დაწყებიდან უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა და მას, დაუზუსტებელი ინფორმაციით, რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსხვერპლის დიდი ნაწილი ირანის მხარესაა და მასში პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებთან ერთად, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილიც შედის.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.