დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული ტარიფები 30 დღით შეჩერდა, ჩინეთის ტარიფები კი ძალაში შევიდა. ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებული პროდუქცია დამატებით 10%-იან გადასახადს დაექვემდებარა. ჩინური სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, საპასუხო ზომებს ჩინეთის მთავრობა მომდევნო კვირას დააანონსებს.
თუმცა გარკვეული სახის ამერიკულ ტვირთზე საპასუხო ტარიფების დაწესება უკვე დააანონსა ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ. მისი განცხადებით, 10 თებერვლიდან ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ ქვანახშირსა და ბუნებრივ აირს 15%-იან, ხოლო ნედლ ნავთობს, სასოფლო-სამეურნეო დანადგარებს და დიდი ზომის ავტომობილებს 10%-იან ტარიფს დაუწესებს. ფინანსური უწყების განმარტებით, აშშ-ის მხრიდან ტარიფების ცალმხრივად დაწესება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება.
კანადისა და მექსიკის ტარიფების დაწესება ტრამპმა ქვეყნების ლიდერებთან საუბრის შემდეგ შეაჩერა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ტრამპს საზღვრის დაცვის გაძლიერების $1.3-მილიარდიანი გეგმა წარუდგინა, რომელიც კანადა-აშშ-ის საზღვრის კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს ფენტანილის ნაკადის შესამცირებლად. აღნიშნული პირობით კანადისთვის ტარიფების დაწესება 1 თვით შეფერხდა და მისი იმპლემენტაცია კანადის მიერ აღებული პასუხისმგებლობის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
მექსიკისთვის ტარიფების დაწესების საკითხიც 1 თვით მსგავსი პირობით გადავადდა. გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შაინბაუმმა დონალდ ტრამპს პირობა მისცა, რომ მექსიკა-ამერიკის საზღვარზე დაუყოვნებლივ გაგზავნის 10,000 სამხედრო პირს, რათა საზღვრის კონტროლი გამკაცრდეს და ნარკოტიკის ტრეფიკინგი და არალეგალურ მიგრანტთა ნაკადი შემცირდეს. მექსიკასთან ტარიფების იმპლემენტაციის საკითხიც აღნიშნული ზომების წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.