ფოტო: REUTERS/Carlos Osorio
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე ახალი 50%-იანი ტარიფების ამოქმედება სამი დღით გადადო და განაცხადა, რომ აშშ-სა და კანადას შორის შეთანხმება მიღწეულია და საბოლოო დოკუმენტის მომზადებაღა დარჩა. თუმცა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის თქმით, საბოლოო შეთანხმებამდე მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი.
ტრამპმა ტარიფების გადადების შესახებ სამშაბათს გვიან, Truth Social-ზე დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ კანადასა და აშშ-ს შორის „შეთანხმება“ მიღწეული იყო და მხოლოდ დოკუმენტების საბოლოო გაფორმება იყო დარჩენილი.
ტრამპი და კარნი სამშაბათს ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ. ეს მათი მეორე საუბარი იყო მიმდინარე კვირაში, მაშინ როდესაც ორივე ქვეყნის სპეციალური ჯგუფები უკვე რამდენიმე კვირაა, ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
კარნიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იყო მიღწეული, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი. მისი თქმით, კანადა ქვეყნის შიდა ეკონომიკის გაძლიერებაზე, დამოუკიდებლობასა და კონკურენტუნარიანობაზე მუშაობას გააგრძელებს.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ჯეიმსონ გრირის ოფისის განცხადებით, შეთანხმება ამერიკული საქონლისთვის კანადის ბაზარზე „ყოვლისმომცველ წვდომას“, ეკონომიკური უსაფრთხოების ვალდებულებებსა და ციფრული ვაჭრობის წესების დაახლოებას ითვალისწინებს.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კანადა დათანხმდა აშშ-ის პრეტენზიის მოგვარებას რძის პროდუქტებზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და ავტომობილებზე დაწესებულ გადასახადებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე აშშ-ის ხელისუფლებას შეთანხმების დეტალები არ გაუვრცელებია, ხოლო კანადის მთავრობას შეთანხმების კონკრეტული პირობები არ დაუდასტურებია. მოლაპარაკებებთან დაახლოებული ინდუსტრიის ორი წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხს ავტომობილებზე მოქმედი ამერიკული ტარიფები წარმოადგენდა.
ამოქმედების შემთხვევაში, ახალი 50%-იანი ტარიფები დაახლოებით $20 მილიარდის ღირებულების კანადურ იმპორტს შეეხებოდა და ძალაში უნდა შესულიყო იმის მიუხედავად, აკმაყოფილებდა თუ არა კანადური პროდუქცია აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმებით (USMCA) გათვალისწინებულ შეღავათიან პირობებს. აღნიშნული შეთანხმება კანადის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის აშშ-ის წინა ტარიფებისგან დაცვის მექანიზმს წარმოადგენდა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა კვლავ განიხილონ Keystone XL-ის ნავთობსადენის პროექტის აღდგენა. პროექტი 2021 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა, მას შემდეგ, რაც მას წლების განმავლობაში ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლები და გარემოსდამცველი ჯგუფები მის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდნენ. ტრამპს პროექტის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ წარმოუდგენია.













