აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს საღამოს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ჯეფრი ეპსტინის საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაილის გამოქვეყნებას ავალდებულებს. აღსანიშნავია, რომ ადრე ტრამპმა ფაილების საჯაროდ გამოქვეყნების მოთხოვნაზე უარი თქვა და მას დემოკრატების შეთქმულება უწოდა.
ეპსტინის ფაილების გამჭვირვალობის შესახებ კანონი იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს გამოაქვეყნოს „ყველა გაუსაიდუმლოებული ჩანაწერი, დოკუმენტი, კომუნიკაცია და საგამოძიებო მასალა“, რომელიც ამერიკელი ფინანსისტის წინააღმდეგ გამოძიებასთან და სისხლისსამართლებრივ დევნასთან არის დაკავშირებული.
იუსტიციის დეპარტამენტს ამ ჩანაწერების „მოძიებადი და ჩამოსატვირთი ფორმატით“ გამოსაქვეყნებლად 30 დღე აქვს მიცემული. მათ შორის უწყებას ევალება 2019 წელს ფედერალურ ციხეში ეპსტინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების ყველა დეტალი გაასაჯაროოს.
ტრამპმა კანონპროექტის ხელმოწერის შესახებ Truth Social-ის ვრცელ პოსტში განაცხადა, სადაც მან დემოკრატები გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს მათ „უკუშედეგამდე“ მიიყვანდა. „შესაძლოა, ამ დემოკრატების და ჯეფრი ეპსტინის კავშირის შესახებ სიმართლე მალე გამოვლინდეს, რადგან მე ახლახან მოვაწერე ხელი კანონპროექტს ფაილების გამოქვეყნების შესახებ!“ – დაწრა მან.
წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ელექტრონული ფოსტის მიმოწერების მოხმობით, დონალდ ტრამპმა ეპსტინი ისეთ ცნობილ დემოკრატებთან დააკავშირა, როგორებიც არიან ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლარი სამერსი და დემოკრატი დონორი რიდ ჰოფმანი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ელექტრონულ წერილებში თავად 47-ე პრეზიდენტის სახელიც რამდენჯერმე ფიგურირებს.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ეპსტინს ბრალი წაუყენეს 2019 წელს, როდესაც ის თანამდებობაზე იყო. „ბაიდენის ადმინისტრაციას არ გადაუცია დემოკრატ ეპსტინთან დაკავშირებული არც ერთი ფაილი ან გვერდი და არც კი უსაუბრია მასზე“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ამერიკელი ფინანსისტი, ჯეფრი ეპსტინი სექს-ტრეფიკინგისა და არასწრულწლოვანთა ექსპლუატაციის ბრალდებით 2019 წელს დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიების თანახმად, მას ჰქონდა ფართო ქსელი, რომელიც არასრულწლოვანების გადაბირებას, სექსუალური ძალადობას და, სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანებისთვის მომსახურების გაწევას მოიცავდა.
ეპსტინი 2019 წლის აგვისტოში, სასამართლო პროცესამდე, ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად ოფიციალური დასკვნისა, რომ ეპსტინმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო, ჩანაწერებში არსებულმა უზუსტობებმა და საკნის ვიდეომასალების არარსებობამ შეთქმულების თეორიები გააჩინა.
საქმესთან დაკავშირებული მასალები წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. 2024 წლის დასაწყისში მათი ნაწილი გასაჯაროვდა, თუმცა მაშინ მედია წერდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია უკვე იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვან ახალ დეტალებს არ შეიცავდა, მათ შორის საქმესთან დაკავშირებულ პირთა გამოაშკარავებას.









