ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კრიპტობირჟა Binance-ის მილიარდერი დამფუძნებელი ჩანპენ ჭაო შეიწყალა. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა და შეიწყალა ჭაო, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის ფარგლებში დევნიდა.
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა მილიარდერის შეწყალების ბრძანებას ხელი ოთხშაბათს მოაწერა. Binance-ის დამფუძნებელი ფულის გათეთრების ბრალდებით გასული წლის აპრილში დააკავეს და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. WSJ-ის თანახმად, Binance-ის იურისტები ყოფილი ხელმძღვანელის ოფიციალურ შეწყალებას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ითხოვდნენ. რეალურად კი, ჭაომ სასჯელი 2024 წლის სექტემბერში მოიხადა.
ჭაოს დაკავებამდე, აშშ-ის ფედერალური მოსამართლის მიერ დამტკიცებული საპროცენტო შეთანხმების ფარგლებში, კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ს $4.3 მილიარდზე მეტი ღირებულების ჯარიმისა და კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. კომპანია ჯამირის გადახდას დათანხმდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეასრულა თუ არა ვალდებულებები.
ცნობისთვის, ჭაოს კომპანიას მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ტრამპის ბიზნესსაქმიანობასთან. Binance-მა მაისში World Liberty Financial-ის სტეიბლკოინი USD1 განათავსა. ტრამპი და მისი ოჯახის წევრები სწორედ World Liberty Financial-ის აქციონერთა შორის ირიცხებიან. კომპანიამ, რომელიც 2024 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში დაარსდა, ტრამპის ქონებას $1 მილიარდზე მეტი შემატა.
Forbes-ი ჩანპენ ჭაოს ქონებას $85.6 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 21-ე ადგილზე აყენებს. Binance-ში თანამდებობის დატოვების მიუხედავადაც, ჭაო კრიპტობირჟის დაახლოებით 90%-ს და BNB-ის ტოკენების მარაგს ფლობს. რაც შეეხება ტრამპს, ის უახლესი მონაცემებით $7.1 მილიარდს ფლობს.
















