ტრამპმა Nvidia-ს მომავალ CEO-დ ტიმ კუკი შესთავაზა

ტრამპმა Nvidia-ს მომავალ CEO-დ ტიმ კუკი შესთავაზა

ფოტო: Getty Images

 

ბოლო დღეებში განვითარებული სკანდალის გამო Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა თანამდებობა დატოვა. მსოფლიოს მეორე ყველაზე მსხვილი კორპორაცია ამჟამად დროებითი მმართველის პირობებში აგრძელებს ფუნქციონირებას. Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი უნდა წარადგინოს და მას კენჭი უყაროს.

აშშ-ის ტექნოლოგიური დომინაციისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კომპანიისთვის CEO-ს შერჩევის პროცესში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩაერთო. ტრამპმა სოცმედიაში პოსტი განათავსა და Nvidia-ს ახალ CEO-დ Apple-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ამჟამად დირექტორთა საბჭოს თავმჯდეომარე ტიმ კუკი მოითხოვა.

„არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მის [ჯენსენ ჰუანგის] ადგილს დაიკავებს – Apple-ის ტიმ კუკი. ლეგენდა ჩაანაცვლებს ლეგენდას“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

კომპანიის განცხადებით, ამჟამად ახალი CEO-ს ძიების აქტიური პროცესი მიმდინარეობს. დირექტორთა საბჭო განიხილავს როგორც შიდა, ისე გარე კანდიდატებს.

ანალიტიკოსებსა და ინვესტორებს სურთ ისეთი ლიდერი, რომელიც კარგად ერკვევა ტექნოლოგიებში, აქვს ხედვა და ფლობს ფინანსურ ცოდნასაც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან Nvidia არა მხოლოდ ტექნოლოგიების მწარმოებელია, არამედ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის განვითარებაშიც აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს. სავარაუდოდ, კანდიდატს მსხვილი კომპანიის მართვის გამოცდილებაც მოეთხოვება.

კომპანიის დროებით CEO-დ ფინანსური დირექტორი, კოლეტ კრესი დასახელდა. ის მთავარ ინჟინერ იენ ბაკთან ერთად ისეთ კომპეტენციებს ფლობს, როგორებიცაა კომპანიის ფინანსური საკითხები და ტექნოლოგიები. სწორედ ამიტომ, პროგნოზირების პლატფორმა Polymarket-ზე ახალი CEO-ს კანდიდატად ყველაზე დიდი მხარდაჭერა ამ უკანასკნელს აქვს, შემდეგ კი კოლეტ კრესი მოდის.

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე შემდეგი კანდიდატურები განიხილებიან: Arm-ის CEO რენე ჰაასი, Intel-ის ყოფილი CEO პეტ გელსინგერი, AMD-ის CEO ლისა სუ, Micron-ის CEO სანჯაი მეჰროტრა, Marvell Technology-ს CEO მეტ მერფი და ზემოთ ნახსენები ტიმ კუკი.

ეს უკანასკნელი, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ყველაზე რთულ დროს, 2011 წელს სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ გახდა. აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე გატარებული 15 წლის განმავლობაში მან კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $350 მილიარდიდან $4.5 ტრილიონამდე გაზარდა. დღეს Apple–ი ერთადერთი კომპანიაა, რომლის ღირებულებაც Nvidia-სას აღემატება.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.