აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აუტიზმის განვითარება ორსულობისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტკივილგამაყუჩებლის, პარაცეტამოლის (იმავე აცეტამინოფენის) გამოყენებასთან და ბავშვების ვაქცინაციასთან არის დაკავშირებული. ცნობისთვის, პარაცეტამოლი ამერიკის ბაზარზე ტაილენოლის დასახელებით არის ხელმისაწვდომი.
პრეზიდენტის ამ განცხადებას სამეცნიერო საფუძველი არ აქვს და წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მრავალწლიანი კვლევები ადასტურებს, რომ პარაცეტამოლი ორსულებისთვის უსაფრთხო პრეპარატია, ხოლო ვაქცინაცია – ბავშვების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სანდო მეთოდი.
ტრამპმა, რომელმაც თავადაც გაუსვა ხაზი, რომ მედიცინის სფეროს წარმომადგენელი არ არის, ორსულებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პარაცეტამოლის მიღებისგან და მშობლებს ურჩია, ბავშვებს ვაქცინაცია სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ან მიყოლებით არ ჩაუტარონ. „გთხოვთ, არ მიიღოთ ტაილენოლი (პარაცეტამოლი). ნუ გაუკეთებთ ბავშვს ერთდროულად ამდენ ვაქცინას,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა მიმართვისას.
ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ ფ. კენედი უმცროსმა კი განაცხადა, რომ ლეიკოვორინი, ფოლინის მჟავა, შეიძლება ბავშვებში აუტიზმის სამკურნალოდ ეფექტიანი იყოს. კენედის თქმით, მისმა დეპარტამენტმა გამოავლინა „საინტერესო თერაპია, რომელიც აუტიზმით დაავადებული ბავშვების დიდი ნაწილისთვის შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს“.
ლეიკოვორინი, როგორც წესი, კიბოს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესამსუბუქებლად გამოიყენება. მას, სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ზოგიერთი ტიპის ანემიისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდაც მიმართავენ.
რაც შეეხება ტაილენოლს (პარაცეტამოლი), მას McNeil Consumer Healthcare-ი აწარმოებს, რომელიც ჯანდაცვის კომპანია Kenvue-ს შვილობილი ფირმაა. „ჩვენ გვჯერა დამოუკიდებელი მეცნიერების, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) მიღება აუტიზმს არ იწვევს“, – განაცხადა Kenvue-ს წარმომადგენელმა მელისა უიტმა. დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, ორშაბათს Kenvue-ს აქციების ფასი 7.4%-ით შემცირდა.
CNN-ის მიერ 2021 წელს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წარსულში ჩატარებულმა ზოგიერთმა კვლევამ შეშფოთება გამოიწვია ორსულობის დროს აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის შესახებ, თუმცა, 2024 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ პრეპარატთან დაკავშირებული რისკი არ აჩვენა. კვლევამ, რომელშიც შვედეთში 1995-დან 2019 წლამდე დაბადებული 2.4 მილიონი ბავშვი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ პრეპარატი არ იყო დაკავშირებული „აუტიზმის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის ან ინტელექტუალური შეზღუდულობის“ რისკთან.