ტრამპმა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

ტრამპმა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ვლადიმირ პუტინთან უნგრეთში, ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი გააუქმა. ტრამპის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი დიპლომატიური ძალისხმევისა და პროგრესის ნაკლებლობაა.

„ჩვენ გავაუქმეთ შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან. არ იგრძნობოდა, რომ იმ მიმართულებით მივდიოდით, საითაც უნდა წავსულიყავით. ამიტომ გავაუქმე ის [შეხვედრა], მაგრამ ამას მომავალში აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა იმედგაცრუება გამოთქვა მოლაპარაკებების შეფერხების გამოც. „გულწრფელად რომ ვთქვა, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვლადიმირთან ვსაუბრობ, მასთან კარგი კომუნიკაცია მაქვს და შემდეგ ამას არსად მივყავართ. ისინი [საუბრები] უბრალოდ არანაირი მიმართულებით არ მიდიას]“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრის გამართვისას კიდევ ერთი ერთობლივი სამიტის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინთან შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ბუდაპეშტში შედგებოდა. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სავარაუდო შეხვედრის შესაძლებლობას ადასტურებდა კრემლიც. თუმცა, როგორც ჩანს, მოლაპარაკებებზე პროგრესის არარსებობის გამო შეხვედრა ჩაიშალა.

ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის ჩაშლის პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა რუსულ ენერგეტიკულ სექტორს სანქციები დაუწესა. სანქციების ახალი პაკეტი ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ შეეხო.

საინტერესოა, რომ ეს დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობისას, რუსეთის ენერგეტიკული სექტორისათვის დაწესებული სანქციის პირველი შემთხვევაა. შესაძლოა, ეს იმის მანიშნებელიც იყოს, რომ ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას იცვლის.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.