ტრამპმა პუტინთან შეხვედრის თარიღი და ადგილი გაასაჯაროვა

ტრამპმა პუტინთან შეხვედრის თარიღი და ადგილი გაასაჯაროვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მიზნით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 15 აგვისტოს, ალასკაში შეხვდება.

პარასკევს, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მიწების გარკვეულ გაცვლას გულისხმობს. „ტერიტორიების გარკვეული გაცვლა ორივე მხარის საკეთილდღეოდ მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა.

თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს გააკეთა განცხადება, რომ უკრაინას არ შეუძლია ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით კონსტიტუციის დარღვევა. ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ „უკრაინელები თავიანთ მიწებს ოკუპანტებს არ აჩუქებენ“.

კრემლმა შეხვედრის შესახებ ონლაინ განცხადებით დაადასტურა. როგორც პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები „ყურადღებას უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი მშვიდობიანი მოგვარების ვარიანტების განხილვაზე გაამახვილებენ“.

შაბათს, თავის Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის გარეშე ნებისმიერი გადაწყვეტილება მშვიდობის წინააღმდეგ იქნება მიმართული: „ისინი ვერაფერს მიაღწევენ. ეს მკვდრადშობილი გადაწყვეტილებებია. ეს არაპრაქტიკული გადაწყვეტილებებია. და ჩვენ ყველას გვჭირდება რეალური და ჭეშმარიტი მშვიდობა“.

ცნობისთვის, პუტინი პრეტენზიას უკრაინის ოთხ რეგიონზე აცხადებს – ლუგანსკზე, დონეცკზე, ზაპოროჟიესა და ხერსონზე – ასევე შავი ზღვის ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსია მან 2014 წელს მოახდინა. აღსანიშნავია, რომ მისი ძალები ოთხივე რეგიონის ტერიტორიას სრულად არ აკონტროლებენ.