ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ სავაჭრო პარტნიორებისთვის დაწესებულ საპასუხო ტარიფებზე, რომლებიც 10%-ს აღემატებოდა, სამთვიანი პაუზა გამოაცხადა. შედეგად, ყველა ქვეყნის შემთხვევაში (გარდა ჩინეთისა), რომელთათვისაც 9 აპრილს იმპორტზე ახალი გადასახადი შევიდა ძალაში, 10%-იანი უნივერსალური განაკვეთი იმოქმედებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, იმპორტზე ტარიფი არ შეჩერდება ჩინეთისთვის და, პირიქით, 104%-დან 125%-მდე გაიზრდება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთთან სატარიფო ომის გაგრძელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუშინ აზიურმა ქვეყანამ შეერთებული შტატებისთვის საპასუხო, 84%-იანი ტარიფი დააწესა. ეს ნაბიჯი კი, თავის მხრივ, ჩინურ საქონელზე ტარიფების 104%-მდე გაზრდის შესახებ ტრამპის მუქარას მოჰყვა.
„იმ პატივისცემის ნაკლებობიდან გამომდინარე, რომელიც ჩინეთმა მსოფლიო ბაზრების მიმართ გამოავლინა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე ვზრდი, დაუყოვნებლივ ძალაში შესასვლელად“, – განაცხადა ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.
ამ განცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა: „ჯერ არაფერი დასრულებულა, მაგრამ არსებობს დიდი სულისკვეთება სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან. ჩინეთს სურს შეთანხმების მიღწევა, მათ უბრალოდ არ იციან, ეს როგორ გააკეთონ“.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ 10%-იანი ტარიფები არ იმოქმედებს მექსიკისა და კანადის შემთხვევაში. თითქმის ყველა საქონელი, რომელიც აშშ-ში ამ ორი ქვეყნიდან შედის 25%-იანი ტარიფით დაიბეგრება, თუ ისინი აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას არ ექვემდებარება – ამ შემთხვევაში მათ გადასახადები არ დაემუქრება. თუმცა, ეს არ ეხება სექტორის სპეციფიკურ ტარიფებს, რომლებიც ტრამპმა მანამდე დააწესა.